დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი უწყების დაფინანსება იზრდება და რატომ

რომელი უწყების დაფინანსება იზრდება და რატომ

20-09-2023 12:00:42

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად  22 311,3 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 431,2 მლნ ლარითაა გაზრდილი.

საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით:
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 7 108,4 მლნ ლარით. დამატებითი თანხა გათვალისწინებულია:

75,0 მლნ ლარი მიიმართება პენსიებისა და კომპენსაციების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პერიოდში პენსიის ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 806 ათასამდე ბენეფიციარს და წინა წლების მსგავსად გაანგარიშება გაკეთებული იყო ბენეფიციართა რაოდენობის 15 ათასით ზრდაზე. თუმცა, აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციართა ზრდამ უკვე გადააჭარბა 20 ათასს და შესაბამისად, წლის ბოლომდე პენსიების შეუფერხებლად დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებითი ასიგნებები;

30,0 მლნ ლარი მიიმართება მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებების დასაფინანსებლად;

8,0 მლნ ლარი მიიმართება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად;

17,0 მლნ ლარი მიიმართება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასების დასაფინანსებლად;

120,0 მლნ დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის გათვალისწინებულია ახალი პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც.
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 077,8 მლნ ლარს. ასიგნებების ზრდა გათვალისწინებულია:

4,8 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება;

10,5 მლნ ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები;

სხვა მიმართულებებით ასიგნებების გადანაწილებასთან ერთად დაფინანსება გაზრდილია 1,7 მლნ ლარით;

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 465,2 მლნ ლარით. დამატებითი თანხიდან 27,5 მლნ ლარი გათვალისწინებულია მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთათვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებისთვის, ხოლო 6,5 მლნ ლარი - რაგბსა და კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებასთან;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 23,0 მლნ ლარით და განისაღვრება 581,2 მლნ ლარის ოდენობით. დამატებული თანხიდან 20,0 მლნ ლარი გათვალისწინებული ანაკლიის პორტისთვის საჭირო წყლის ნაგებობის მშენებლობის დაწყებისთვის, ხოლო 3,0 მლნ ლარი მიიმართება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ძირითადად ხორციელდება პროექტებს შორის თანხების გადანაწილება და დამატებით სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყოფა 20,0 მლნ ლარი. აღნიშნული თანხა მიიმართება რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ნაწილობრივ დაფინანსებისთვის. ჯამში სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრება 3 350,9 მლნ ლარის ოდენობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 146,0 მლნ ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით, სამინისტროს რიცხოვნობა იზრდება 685 ერთეულით - საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, იზრდება პატრულ-ინსპექტორების, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორების, ასევე დეტექტივების და გამომძიებლების რაოდენობა.

გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით, იზრდება მართლწესრიგის ოფიცრების, გამომძიებლების და დეტექტივების რაოდენობა. შესაბამისად:

20 მლნ ლარი მიიმართება სამინისტროს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საშტატო რიცხოვნობის ზრდიდან გამომდინარე, შესაბამისი უნიფორმითა და აღჭურვილობით, ასევე, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სპეციალური საშუალებების შეძენისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად;

დამატებით 20 მლნ ლარი მიიმართება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების შემთხვევაში სრულად უზრუნველყოს სერვისების უწყვეტობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე საჭირო შესყიდვების სრულყოფილად დასაფინანსებლად დამატებით გამოეყოფა 10,0 მლნ ლარი და სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 270,0 მლნ ლარს;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებისთან;

სახალხო დამცველის აპარატს, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2,5 მლნ ლარი;

პერსონალურ მონაცემებთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500,0 ათასი ლარი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ასიგნებებში ემატება პროგრამული კოდები კრედიტის და თანადაფინანსების ნაწილში, მიმდინარე წლის 31 მარტს ხელმოწერილი საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმების (N9504-GE - საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი) პროექტის ფარგლებში და გათვალისწინებულია მიმდინარე წელს მოსალოდნელი დაფინანსება.

კერძოდ:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემატება ქვეპროგრამა - საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) (პროგრამული კოდი 31 06 04); ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებულია 100,0 ათასი ლარი კრედიტის ნაწილში;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემატება პროგრამა - საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპონენტი) (WB) (პროგრამული კოდი 26 10), სადაც გათვალისწინებულია ჯამში 431,0 ათასი ლარი და თანაბრად გადანაწილებულია თანადაფინანსების და კრედიტის ნაწილში; პროექტის მიზანია მიწის ადმინისტრირების სერვისების გაძლიერება და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი დაგეგმვისთვის, სარწყავი და სადრენაჟე მომსახურების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება, ეროვნული ირიგაციის და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საირიგაციო და სადრენაჟე სქემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში:

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ფარგლებში, სახელმწიფო მიერ აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 65,0 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი თანხის მოცულობა დაკავშირებულია ქვეყანაში გაცემულ ხელფასებთან. მიმდინარე წელს დასაქმებულთა ანაზღაურება მოსალოდნელთან შედარებით მეტად გაიზარდა და შესაბამისად საპენსიო სქემის დასაფინანსებლად საჭიროა დამატებითი თანხის გამოყოფა;

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა იზრდება 40,0 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით სარეზერვო ფონდისთვის გათვალისწინებული თანხა თითქმის ამოწურულია (მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა შუალედური არჩევნების ხარჯების დასაფინანსებლად), ხოლო წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში საჭირო იქნება დამატებითი თანხები, მათ შორის სტიქიით დაზარალებულთა სხვადასხვა კომპენსაციების დასაფინანსებლად;

საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 100,0 მლნლარით, რაც გამოწვეულია გაცვლითი კურსის სხვაობით მიღებულ ეკონომიასთან;
დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 139,6 მლნ ლარით, რაც დაკავშირებული რიგი პროექტების გაუქმებასთან და თანხების ჩამორიცხვის ვადების ცვლილებასთან;
რიგი მუნიციპალიტეტების შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი იზრდება 17,0 მლნ ლარით.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა იზრდება 100,0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები.

დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელდა ცვლილებები, რაც ძირითადად დაკავშირებულია თბილისის მეტროს (EBRD) და თბილისის ავტობუსების (EBRD) პროექტების ასიგნებების შემცირებით კრედიტის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული პროექტების დაფინანსება შემდგომ წლებში დაგეგმილია
საბიუჯეტო სახსრებით. ასევე, მცირდება მდგრადი ურბანული მობილობის (KFW) პროექტის ასიგნებები, რაც გამოწვეულია პროექტის განხორციელების გადავადებით.

ამასთან, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს ემატება ორი ახალი პროექტი თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) და ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD).

გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ის გაზრდის შედეგად მიიღებენ 1 596,0 მლნ ლარს, რაც 31,4 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ გეგმას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები