დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი პროდუქტების ფასები და სერვისების ტარიფები გაიაფდა - სტატისტიკა

რომელი პროდუქტების ფასები და სერვისების ტარიფები გაიაფდა - სტატისტიკა

04-11-2024 11:25:00

2024 წლის ოქტომბერში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად კავშირგაბმულობის ჯგუფის ტარიფებმა დაიკლო. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასების 3%-იანი კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში, ხოლო 2,3%-იანი კლებაა ავეჯი, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის მიმართულებით. 0,2%-ით გაიაფდა ასევე დასვენება, გართობა და კულტურა.

რაც შეეხება ფასების ზრდას 2024 წლის ოქტომბერში 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მიმართულებით გამოიკვეთა. როგორც საქსტატში განმარტავენ, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.4 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.8 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფში ფასების 5,8%-იანი ზრდაა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (24.5 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (1.8 პროცენტი);

5%-ით გაძვირდა განათლება. ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე (10.0 პროცენტი), საშუალო განათლებაზე (5.8 პროცენტი) და უმაღლეს განათლებაზე (2.8 პროცენტი);

წლიურ ჭრილში ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 3,3%-ითაა გაძვირებული, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.1 პროცენტი);

ასევე ფასების მატებაა შემდეგ ჯგუფებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1,9%,  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 0,4% და ჯანმრთელობის დაცვა - 0,3%-ი.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები