დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი - „აგროინვესტსერვისის“ შეფასება

როგორია ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი - „აგროინვესტსერვისის“ შეფასება

21-09-2023 15:00:58

„ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში წელს 20-30%-ით მეტი მოსავლის მიღებაა პროგნოზირებული. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ განაცხადა. 

„აჭარა-გურიის გაერთიანებული პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით ციტრუსის მოსავალი წელს 20-30%-ით მეტი იქნება. ჩემი აზრით, ხარისხიანი მანდარინის მოსავალი, ანუ სარეალიზაციო მოსავალი იქნება სადღაც 40 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.

გასულ წელს ეს მაჩვენებელი 30 ათასი ტონის ფარგლებში იყო. მანდარინის საერთო მოსავალი, ჩემი პროგნოზით და თუ გასული წლების სტატისტიკასაც გავითვალისწინებთ, სადღაც 60-70 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.

მაგრამ როცა მოსავლის მასა იზრდება, შესაბამისად არასტანდარტული და სარეალიზაციოდ უვარგისის მოცულობა იზრდება. როცა ნაკლებია მოსავალი იქ პირიქით, ხარისხიანის მოცულობა პროპორციულად იზრდება.

დაბალმოსავლიან სეზონზე ხარისხიანი ციტრუსის პროპორცია და წილი დიდია. ამის ხარჯზე სარეალიზაციოდ ვარგისი მანდარინის რაოდენობა 40 ათასი ტონა იქნება. ხოლო რაც შეეხება სხვა ციტრუსოვანთა ნაყოფს ალბათ 10 ათასი ტონა“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

მისი თქმით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა წელსაც გაგრძელდება. 

„სუბსიდია სტანდარტულ მანდარინზე არც კეთდება. სუბსიდია  ჩემდა გასაკვირად კეთდება არასტანდარტულ მანდარინზე, ანუ ისეთ მანდარინზე, რომელიც სარეალიზაციოდ არ ვარგა. ეს ხომ ცალკე ანომალიაა. რეალურად ფერმერი კი არ სუბსიდირდება, არამედ სუბსიდირდება საკონსერვო საწარმო. ჩემი ინფორმაციით არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა წელსაც აქტიური იქნება“, - აცხადებს მკურნალიძე. 

„აგროინვესტსერვისის“ დირექტორი ამბობს, რომ წელს ადგილზე ჩასაბარებელი ხარისხიანი ციტრუსის ფასი 1 ლარის ფარგლებში იქნება. გასულ სეზონზე კი 80-90 თეთრი იყო. 

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროდუქციაზე სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლებით არის ზრდის ტენდენცია, იგივე იქნება ციტრუსის შემთხვევაშიც. ფერმერიდან ხარისხიანი ციტრუსის შესასყიდი ფასი 1 ლარის ფარგლებში იქნება“, - აცხადებს მკურნალიძე.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები