Rooms Hotel-ის ფასიანი ქაღალდები ბაზარზე მომავალი წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, პირველ ეტაპზე განიხილება 25 მლნ-ის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელიც სავარაუდოდ 8 წლიანი იქნება.
„როგორც იცით Rooms-ი Adjara Group-დან გამოიყო და ცალკე კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელშიც შედის ყველა სასტუმრო Rooms-ი და სამომავლო პროექტები: ესაა Rooms Batumi (რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება) და Rooms Abastumani, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.
აქედან გამომდინარე Rooms-ი წარმოდგენილი იქნება 4 სასტუმროთი: ყაზბეგი, თბილისი, ბაკურიანი, ბათუმი და მომავალ წელს დაემატება მეხუთე აბასთუმანი.
დღეს კრედიტით სასტუმროების აშენება ძალიან ძვირია, ამიტომ გადავწყვიტეთ ავწიოთ ბონდი და გამოვუშვათ ფასიანი ქაღალდები, რათა გვქონდეთ საშუალება კიდევ უფრო განვითარდეთ და მეტი სასტუმრო გავაკეთოთ.
დღეისათვის, რამდენიმე ბანკთან ვმუშაობთ, საკრედიტო განაკვეთი, იმდენად გაზრდილია, რომ სასტუმროს ეკონომიკურად სწორად აწყობის შანსი არ არის. ჩვენი მთავარი რესურსი ქართული ბანკების კრედიტებია, მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობთ OPIC-თან და აბასთუმნის პროექტს სწორედ OPIC აფინანსებს.
ახლა აქტიურად ვმუშაობთ EBRD-სთან. არის დაინტერესება, რომ თუნდაც ბონდი შეიძინონ. ვემზადებით სტრუქტურულადაც ამისათვის, რადგანაც ქონებების გამოყოფა და გადმოტანა გარკვეულ ბიუროკრატიულ პროცესებს უკავშირდება და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის ბონდები გამოვიტანოთ“, - განმარტავს ვალერი ჩეხერია.
Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, პირველ ეტაპზე განიხილება, რომ Rooms Hotel-მა 25 მლნ-ის ბონდები გამოუშვას.
„ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ ბონდების ვადიანობა 8 წელი იქნება, თუმცა ვგეგმავთ, რომ რეფინანსირების საშუალება 2 წლის თავზეც იყოს შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქართველი ინვესტორი დავაინტერესოთ ბონდში თანხების ჩადებით“,- ამბობს ჩეხერია.
Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ქართული კომერციული ბანკებიდან დღეს სასტუმრო ბიზნესს კრედიტის აღება, ლიბორის ჩათვლი 11-12%-ად შეუძლიათ, მაშინ როდესაც უცხოური ბანკებში სესხის საპროცენტო განაკვეთი 8%-ია.
ცნობილია, რომ ფასიანი ქაღალდებით მიღებული თანხებით Rooms Hotel-ი მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაფართოებას გეგმავს, ხოლო საზღვარგარეთ პროექტების განხორციელებას სხვა გზებით აპირებს.
„გვინდა, რომ რეგიონებში ვიყოთ აქტიურად წარმოდგენილები. მაგალითად, განვიხილავთ, რომ კახეთშიც გვქონდეს Rooms-ი. ვეძებთ ახალ მიმართულებებს. დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, სად გავხსნით ახალ სასტუმროს. ასევე ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ და ევროპაშიც გავხსნათ Rooms-ის ბრენდით სასტუმრო.
მგონია, რომ ეს პროექტი აუცილებლად გამოგვივა, რადგან Rooms-ს უკვე ყველგან იცნობენ და უყვართ. Rooms-ს საკმაოდ კარგი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს.
ხოლო რაც შეეხება მოზიდულ თანხებს, ეს იქნება იმისთვის, რომ Rooms-ის პორტფელი გავზარდოთ საქართველოში და უფრო კარგად გამოჩნდეს თუ რა შესაძლებლობები აქვს Rooms-ის ბრენდს.
განვახორციელოთ ახალი პროექტები. გავაძლიეროთ Rooms-ის ივენთების მიმართულება არამხოლოდ ჩვენს სასტუმროებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავიდეთ. ასევე გვინდა გავაკეთოთ Rooms Bakery - საცხობის მიმართულება“, - ამბობს ჩეხერია.
Rooms Hotel-ის განვითარების ახალი ეტაპია ასევე სპეციალური აპლიკაცია, რომელიც Rooms Hotel-ის ლოიალურ მომხმარებლებს არამხოლოდ Rooms Hotel-ის სასტუმროები, არამედ მის პარტნიორ სასტუმროებში ევროპასა და ამერიკაში უფრო დაბალი ტარიფებით მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს.
აღნიშნულ პროექტს კი Rooms Hotel-ი Visa-თან პარტნიორობით განახორციელებს, რაც თავის მხრივ საქართველოში სტუმართმოყვარეობის ბიზნესის ზრდასა და ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.
უახლესი