ინდოეთიდან მოთხოვნა გაზრდილია და დიდი ინტერესია დიდი ჯგუფების მხრიდან - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია Winglet • ვინგლეთის დამფუძნებელმა ანა კირკიტაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ინდოელი ტურისტები საქართველოში საშუალოდ 4-5 ღამით რჩებიან და თბილისის გარდა სხვა ქალაქებს და ღირსშესანიშნაობებს სტუმრობენ.
„ინდოეთიდან ჩვენ ძირითადად საშუალო და მაღალ სეგმენტს ვემსახურებით. ისინი ჩამოდიან და საქართველოში მხოლოდ მაღალი კლასის, 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ჩერდებიან. ინდოელი ტურისტი არ მოგზაურობს ისე, როგორც მაგალითად ქართველი ტურისტი იმოგზაურებდა: ჩვენ, რომ მივდივართ და წინასწარ მხოლოდ ავიაბილეთს და სასტუმროს ვიყიდით, ინდოელი ტურისტი ასე არ მოგზაურობს. ისინი ყველაფერს წინასწარ გეგმავენ და როდესაც ჩამოდიან ყოველი დღე გაწერილი აქვთ. დადიან სხვადასხვა ქალაქებში და მართლა ყოველი დღე სხვადასხვა სახის ტურებით აქვთ გაწერილი. შესაბამისად, ყოველთვის იტვირთება გიდი, იტვირთება მძღოლი და რაღა თქმა უნდა სასტუმრო. ინდოეთიდან მოთხოვნა გაზრდილია და დიდი ინტერესია დიდი ჯგუფების მხრიდან. როდესაც ჯგუფურ ტურებზე ვსაუბრობ, მათთვის საინტერესოა საქართველოში MICE ტურიზმის მიმართულება. ინდოეთიდან ტურისტები საშუალოდ 4-5 ღამით ჩამოდიან, ხოლო MICE ტურების შემთხვევაში 3-4 ღამით, რომლებიც დამატებით იღებენ ტურებს“, - აცხადებს ანა კირკიტაძე.
"ვინგლეთის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია ტურისტების ბევრ ჯგუფს ფიზიკურად ვერ იღებს, რადგანაც მათ ვიზებთან დაკავშირებით შიში აქვთ.
„შეიძლება 100 კაციანი ჯგუფიდან 80 კაცმა მიიღოს ელექტრონული ვიზა და 20-მა ვერ მიიღოს, ეს მათთვის დიდი პრობლემაა. იმიტომ, რომ როდესაც ორგანიზაცია გეგმავს კორპორატიულ ტურს ხალხი ვინც მოჰყავთ, მათთვის არის მნიშვნელოვანი და არ სურთ, რომ ცუდი გამოცდილება მიაღებინონ ამ ადამიანებს. ამიტომ ჯგუფური მოგზაურობისთვის პრიორიტეტს ანიჭებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც ვიზის პრობლემა არ აქვთ. ვიზასთან და საზღვარზე შემოშვებასთან დაკავშირებული პრობლემები თუ არ იქნება, ინდოეთიდან მხოლოდ ჩვენს კომპანიას თვეში 200-300 კაციანი მინიმუმ 2-3 ჯგუფი ეყოლება“, - აღნიშნა ანა კირკიტაძემ.
"ვინგლეთის“ დამფუძნებლის განმარტებით, ინდოელ ტურისტებს საქართველოში ძალიან აინტერესებდათ ბუნება. განსაკუთრებით მოსწონთ მარტვილის და დაშბაშის კანიონები.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს ინდური ავიაკომპანია Indigoასრულებს, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2023 წლიდან შემოვიდა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა