Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაპების დაწყებამდე გამართული ტენდერის დეტალებსა და კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დაარსებაზე ისაუბრა.
„2023 წელს დაარსდა სახელმწიფო კომპანია - „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, რომლის ხელმძღვანელადაც დავინიშნე მარტში. მალევე, კომპანიის დაარსებიდან და ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დავიწყეთ უშუალოდ მოსამზადებელი სამუშაოები ტენდერის გამოსაცხადებლად, წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების მიზნით.
დავიქირავეთ საერთაშორისო და გამოცდილი კომპანია „ჰადესი“ რომელთან ერთადაც შევიმუშავეთ სატენდერო დოკუმენტაცია. ეს არის საერთაშორისო საინჟინრო კომპანია, რომელმაც გაგვიწია დახმარება, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ასევე, გამოცხადებული ტენდერის მართვაში“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.
მისი ინფორმაციით, ტენდერი, „ჰადესთან“ კონსულტაციისა და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ცოტა განსხვავებული მეთოდით გამოაცხადეს:
„ეს იყო საერთაშორისო ლიმიტირებული შერჩევის მეთოდი, რაც ნიშნავს, რომ წინადადებები დაეგზავნათ ე.წ. ევროპული დიდი ოთხეულის კომპანიის წევრებს Demme-ს, Boscales-ს, Vanort -სა და Yandoli-ს. ოთხი მოწვეული კომპანიიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა სამმა მოახერხა წინადადების შემოტანა., რასაც ხანგრძლივი პროცედურა დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ კონსულტანტების ჩართულობით ერთი გამარჯვებული გამოვლინდა.
გაიმარჯვა საკმაოდ გამოცდილმა ბელგიურმა კომპანიამ Jan De Nul N.V-მ, რომლის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, მათთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და 16 სექტემბრიდან კომპანიამ სამუშაოების განხორციელება დაიწყო.
თავის მხრივ, გარდა ამ ტენდერისა, მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, როგორც კი ეს დასრულდება და მათთან გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება, დავაარსებთ ერთობლივ საწარმოს, რომელთან ერთადაც, (პარალელურად წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა, რომელიც ამ პროცესს არ ელოდება), დავიწყებთ იმ სამუშაოების განხორციელებას, რაც ხმელეთზეა საჭირო“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
უახლესი