დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რიგით მეოთხე პროექტი - ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში განხორციელდება. აღნიშნულ კორპუსში 36 ოჯახი ცხოვრობს და მათ უახლოეს მომავალში სრულიად ახალი, მოწესრიგებული ბინები ჩაბარდება.
„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსში 4-სართულიანი ავარიული სახლის დემონტაჟი და მის ადგილას 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა აშენდება. 36 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მათთან შეთანხმების შემდეგ კი სრულიად ახალი კორპუსი აშენდება. აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს და მასში ყველა დაინტერესებულ კომპანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტალში ხორციელდება. „რაც შეეხება ვარკეთილის მე-3 მასივის, მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსს, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოხდა კორპუსის დემონტაჟი და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, თანამედროვე შენობა-ნაგებობა. 36 ოჯახი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი ახალ და მოწესრიგებულ ფართებში დაბრუნდებიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიულ სახლებს, კახა კალაძის თქმით, მათზე აღნიშნული წესი არ მოქმედებს, თუმცა, უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს გეგმას, თუ როგორი წესით უნდა მოხდეს მსგავს ზონებში ავარიული შენობების მოწესრიგება-რეაბილიტაცია.
„ზოგადად, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, მძიმედ ავარიულ შენობებში ცხოვრობთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. ასევე, გვაქვს მსგავსი პრობლემა ისტორიულ უბნებში, სადაც შენობები ავარიულია. დავალება მიცემული გვაქვს და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ ვხედავთ ისტორიულ ზონებში შენობა-ნაგებობების მოწესრიგება-რეაბილიტაციას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
უახლესი
4 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა17 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები