დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მუშაობს და რა გამოწვევების წინაშეა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე პირველი ეკოტურისტული სივრცე „თიგის სახლი“

როგორ მუშაობს და რა გამოწვევების წინაშეა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე პირველი ეკოტურისტული სივრცე „თიგის სახლი“

12-03-2024 18:00:00

საოკუპაციო ხაზთან დუშეთის რაიონში, სოფელი ოძისში, თბილისიდან 42 კილომეტრის, ხოლო ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 15კილომეტრის დაშორებით, პირველი ეკოტურისტული სივრცე „თიგის სახლი“ ერთი წლის წინ გაიხსნა.

„თიგის სახლის“ დამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ეკოტურისტულ სივრცესთან მიმართებით ინტერესი დიდია.

„მოდიან ადამიანები და ცდილობენ მხარი დაუჭირონ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბიზნესს. თუმცა, არის ვიზიტორების მეორე კატეგორია, რომელიც იმიტომ იკავებს თავს, ახლოს საოკუპაციო ხაზია“, - ამბობს ნინო თიგიშვილი. 

ეკოტურისტულ კომპლექსს სტუმრობენ ადგილობრივები და უცხოელი ვიზიტორებიც.

„ბიზნესსაქმიანობა 2020 წელს დავიწყეთ. თავიდან, მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით სამი სახეობის მცენარეულ ჩაის. შემდეგ, დავამატეთ ჯემები და მურაბები და სხვა სახლური პროდუქტები, საწებლები და კომპოტები, რომელსაც ადგილზე, სოციალური ქსელით და პარტნიორ მაღაზიებში ვყიდით.

2022 წელს მოვიპოვეთ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო გრანტი, შემდეგ „აწარმოე საქართველოში“ გრანტი და ამ დაფინანსებით ჩამოვაყალიბეთ ეკოტურისტული სივრცე, სადაც სტუმრებს ერთდღიან ტურებს ვთავაზობთ.

უკვე ვახორციელებთ ბიზნესაქტივობებს. კერძოდ, ვიზიტორებს ვთავაზობთ ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასებსა და სადილს, შესაძლებელია ბრენდირებული პროდუქტისა და სუვენირების ადგილზე შეძენა, ტრადიციული დღესასწაულებისთვის მომზადება და აღნიშვნა, სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში მონაწილეობა, ჩაისთვის მცენარეებისა და სხვა ტყის პროდუქტების შეგროვება, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა“, - ამბობს ნინო თიგიშვილი.

ამ დროისთვის ბიზნესი სეზონურია, რადგან მხოლოდ გარე სივრცეს მოიცავს და „თიგის სახლი“ აპრილიდან იწყებს ფუნქციონირებას.

„ჩვენი სურვილია გავაკეთოთ დახურული სივრცე, რათა სეზონურობის ფაქტორი გამოვრიცხოთ და ზამთარშიც ვიმუშაოთ და ამ მიმართულებით დაფინანსების მოპოვებას ვცდილობთ“, - ამბობს „თიგის სახლის“ დამფუძნებელი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები