რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.
სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად გაიმართა ფონდის პრეზენტაცია, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები და ბიზნეს გაერთიანებები გაწევრიანდნენ. კომპანიების წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს ფონდში გაწევრიანება და მათი წვლილი ამ საქმეში.
„სქილვილისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, რომელიც ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავს ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ხელმისაწვდომობა განათლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფონდი, რომელიც იქნება გამორჩეული მდგრადობით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წარმატებულ კომპანიას, რომელიც ამ ინიციატივის შემოუერთდა და ფონდში გაწევრიანდა. მათი წვლილი ნამდვილად ძალიან დიდი იქნება როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერაში, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში" - ლანა ჩხარტიშვილი, სქილვილ საქართველოს დირექტორი.
ფონდის საქმიანობა გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების განათლებისა და კარიერული განვითარების დაფინანსებას, რომელთაც აქვთ სურვილი ისწავლონ პროგრამირება და ციფრული პროფესიები, თუმცა არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.
ამ მიზნით, რეზო თურნავას სახელობის ფონდში უკვე გაწევრიანდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ბიზნეს ორგანიზაციები, როგორიცაა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), Lineate, არქი, თეგეტა, Terminal, Phubber, HT Solutions.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველა ისეთი ღირებული ინიციატივის მხარდამჭერია, რომელიც ახალგაზრდების ციფრული განათლებასა და შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ სარგებელს ემსახურება. სქილვილის ფონდი ციფრული განათლებისთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია კერძო სექტორს გაერთიანდეს, ჩადოს ინვესტიცია და შედეგად, კვალიფიციური კადრების გადამზადება მიიღოს. ის კურსები კი, რომელსაც ახალგაზრდები სრული დაფინანსებით გაივლიან, სწორედ, პროფესიონალი კადრებით, ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი. 20-მდე კომპანიის წარმომადგენელმა, სქილვილის კურსდამთავრებულებს სხვადასხვა მიმართულების აქტიური და ექსკლუზიური ვაკანსიები გაუზიარეს.
უახლესი