ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრებზე ხელმისაწვდომობის სირთულე რეგიონებში ერთ-ერთი გამოწვევაა, რაც ტექინსპექტირების რეფორმის ერთ-ერთი ხარვეზია.
ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ,,ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, სერვის ცენტრებში მისვლის სირთულის გამო მოქალაქეებს მომსახურების მიღება გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე იმ ადგილებში, სადაც მძღოლებისთვის გეოგრაფიული არეალი ხელსაყრელია. ,,რეფორმაც გვაჩვენა, რომ გვაქვს სხვადასხვა სერიოზული პრობლემა, რაც ტექინსპეტირების მაჩვენებელზე უარყოფითად მოქმედებს.
პირველ რიგში, ეს არის ინსპექტირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის სირთულე. როცა რეფორმა იგეგმებოდა, 2017 წელს, ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, რომ მომსახურება მძღოლებისთვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ათეულობით კილომეტრების გავლა არ უნდა უწევდეთ მძღოლებს ინსპექტირების მომსახურების მისაღებად.
განსაკუთრებით ეს ეხება მთიან მუნიციპალიტეტებს. როცა კომპანიების შერჩევა გამოცხადდა, სამი მოძრავი ხაზი იყო ჩადებული პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ინსპექტირების ცენტრები არის მოძრავი და შესაძლებელია ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში დამონტაჟდეს.
ასეთი სამი მოძრავი ხაზი არსებობს, მაგრამ რეალურად უძრავ მდგომარეობაშია. ერთი ახალციხეში, ქალაქის ცენტრშია განთავსებული, ვერ უწევს მომსახურებას ადიგენს, ასპინძას და ახლომდებარე დასახლებებს. მეორე ხელვაჩაურშია ბათუმთან, მაგრამ არ არის ხულოში, შუახევსა და ქედაში. ჯამში დაახლოებით 15-მდე მუნიციპალიტეტია, რომელიც მომსახურებას ვერ იღებს. კომპანია ,,გრინვეი“ ვერ აწვდის მათ მომსახურებას და მოსახლეობა ვერ იღებს ინსპექტირებისთვის შესაბამის სერვისებს“, - აცხადებს დავით მესხიშვილი და დასძენს, რომ რეფორმისთვის დამაზიანებელი ქმედება უნდა გადაიჭრას.
„ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დიდ გასაჭირშია იმის გამო, რომ მათთვის ტექინსპექტირება უფრო ძვირი ჯდება. მაგალითად, ხულოში ვინც ცხოვრობს, რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროს და ჩავიდეს ბათუმში, დახარვეზების შემთხვევაში, დაბრუნდეს, შემდეგ კიდევ უნდა გაიაროს შემოწმება და ისევ დაბრუნდეს, რაც გარკვეულ ხარჯთანაა დაკავშირებული. ეს ძირითადი გამოწვევები არსებობს. სამწუხაროდ, ბიზნესი არის არათანაბარ გარემოში. ერთ კომპანიას აქვს მინიჭებული პრივილეგიები სახელმწიფოსგან, რაც პრაქტიკულად არღვევს აკრედიტაციის პრინციპებს, რომ ყველა ბიზნესი იყოს თანაბარ პირობებში. ვხედავთ, რომ ასე არ არის.
გარდა ამისა, მხოლოდ ერთ კომპანიას შეუძლია ინსპექტირების ხაზები გადაიტანოს ერთი ადგილიდან მეორეში, რის უფლებაც სხვებს არ აქვთ, რაც რეფორმას აზიანებს. მიდგომა შესაცვლელია, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობთ“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ამოქმედების პარალელურად, კომპანია „გრინვეი საქართველომ“ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო 10 წლიანი ლიცენზია ყველა კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების შექმნის და აკრედიტაციის თაობაზე.
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა