ქვეყნის მასშტაბით, უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა იანვარ-თებერვალში შემცირდა.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ირკვევა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 547,100.97 ლარი შევიდა, რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
როგორც Business Insider Georgia-ს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი მუდმივი მონიტორინგი და ამ მიმართულებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე ინტენსიური მუშაობაა.
„ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ატარებს ჩვენი უწყება, რომ იყოს მუდმივი და მკაცრი მონიტორინგი, ამასთან ერთად ძალიან ხშირად მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არ დაარღვიონ მგზავრობის წესები, გადაიხადონ მგზავრობის საფასური, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 569,773.94 ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 102,655.74 ლარი. 2022 წლის 2 თვის მაჩვენებლებს მიმდინარე წლის მაჩვენებლებსაც შევადარებთ სახეზეა, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით ზრდა 433%-ის დონეზეა.
2024 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 547,080.97 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 20 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
რაც შეეხება ბათუმს, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
უახლესი