2023 წელს 2022 წელთან შედარებით ქვეყანაში პურის მოხმარება არ გაზრდილა, პირიქით შემცირებულია, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, ქვეყანაში პურის მოხმარება ეკონომიკური ბარომეტრია.
„დღევანდელ დღეს თუ 90-იან წლებს შევადარებთ, პურის მოხმარება 1 მლნ ტონასაც კი აღწევდა. ახლა კი შემცირებულია. მიზეზი არის ის, რომ სხვა პროდუქტები გამოჩნდა. პურის მოხმარება ერთგვარი ეკონომიკური ბარომეტრია. იმ ქვეყნებში სადაც პურის მოხმარება იზრდება, ეკონომიკურად უფრო ჩამორჩენილად ითვლება. კარგია, რომ საქართველოში პურის მოხმარება მცირდება, იმიტომ, რომ იქ უკვე სხვა პროდუქტების სიჭარბეა. იყიდება დიაბეტური ნაწარმი, უგლუტენო პური და ა.შ.“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2023 წელს პურის ფასი არ შეცვლილა და 2022 წლის იდენტური დარჩა.
როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, თბილისში დღე-ღამეში 350-400 ტონამდე პური ცხვება.
„ერთი ზრდასრული (ქართველის) ფიზიოლოგიური ნორმა 300 გრამი პურია, გერმანიაში კი 180 გრამი. შედარებისთვის გეტყვით, რომ ყაზახეთში ფიზიოლოგიური ნორმა 450 გრამია.
საქართველოს მთლიანობაში წელიწადში სჭირდება 700 ათასი ტონა ხორბალი, რაც არის 550 ათასი ტონა ფქვილი. ამ მოცულობით, დაახლოებით 750 ათასი ტონა პურის გამოცხობაა შესაძლებელი“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია