დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ მცირდება თხილის ექსპორტი - ექსპორტიორთა ასოციაციის განმარტება

რატომ მცირდება თხილის ექსპორტი - ექსპორტიორთა ასოციაციის განმარტება

07-12-2023 14:00:54

წელს თხილის მოსავლის რაოდენობისა და ექსპორტთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი იყო, რამაც ვერ გაამართლა. როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე ექსპორტი შემცირებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გადაზიდვებში კლება მხოლოდ მოსავლიანობის ფაქტორს არ უკავშირდება.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ქარდავას ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე, ევროპაში, მოთხოვნამ იკლო და შესაბამისად, ცვლილება ქართული პროდუქტის ექსპორტზეც აისახა.

,,ძალიან კარგად დაიწყო სეზონი, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების გავლენამ გარკვეული ნეგატიური ასახვა ჰპოვა. ადგილზე მოსავლის რაოდენობა შემცირდა და დაახლოებით 45 ათასი ტონა შეადგინა, როცა 55 ათას ტონამდე იყო ნავარაუდევი.

ამ მხრივ ამინდმა ცუდად იმოქმედა, უხვი ნალექის გამო ხარისხი გაუარესდა და ეს საბოლოოდ მოსავლის რაოდენობაზეც აისახა.  თუმცა ექსპორტი შემცირდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესის გამოც. მოთხოვნამ იკლო თხილზე ევროპაში, ამაზე ბევრმა გარემოებამ იმოქმედა, განსაკუთრებით იმან, რომ ევროპული ვალუტა - ევრო ბოლო პერიოდამდე უფასურდებოდა.

თურქეთის გავლენაც დიდია, თურქი მეწარმეები ცდილობდნენ თხილის იმაზე მეტის გაყიდვას, ვიდრე მოთხოვნა იყო. ევროპული კომპანიები რეალურად მაღალფასიან მარაგებს არ ყიდულობდნენ და მოკლევადიან მოთხოვნას იკმაყოფილებდნენ. შესაბამისად, ქართულ თხილსაც ნეგატიურად შეეხო ეს პროცესი, რის გამოც ექსპორტი შემცირდა“, - აცხადებს ლევან ქარდავა და დასძენს, რომ ნოემბრის სტატისტიკა აშკარად გაუმჯობესდება, ვინაიდან ევროპაში მოსალოდნელია საშობაოდ შესყიდვების გააქტიურება, რაც ქართული თხილის რეალიზაციაზეც დადებითად აისახება.

რაც შეეხება ფასს, 1 კგ. თხილის გული ამ ეტაპზე 6,70 ევრო ღირს. ადგილობრივ ბაზარზე ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება და საშუალოდ 5 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 66,357.59 ათასი დოლარის ღირებულების 14,185.19 ტონა თხილი გავიდა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის 10 თვის მონაცემებთან 19%-იან კლებას აფიქსირებს.

ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ევროკავშირია და უფრო კონკრეტულად იტალია და გერმანია. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 52%-ი შევიდა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები