სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ქ. ყვარლის უსაფრთხოების მიზნით, მდინარე დურუჯის ხეობის გეოლოგიური და გეოდინამიკური პირობების შესწავლას გეგმავს, რაც შემდგომში ხეობაში ღვარცოფული პროცესების თანამედროვე მონიტორინგის და შეტყობინების სისტემების მოწყობის საფუძველი უნდა გახდეს.
აღნიშნულ სამუშაოებს კი სააგენტო საერთაშორისო გამარტივებული შესყიდვის წესით საკონსულტაციო კომპანია „გერმანულ სამთო ტექნოლოგიებს“ (DMT) დაუკვეთავს, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნია. გარიგების ბიუჯეტი კი 37 000 ევროა.
მდ. დურუჯის ხეობა ცნობილია კატასტროფული ღვარცოფული პროცესების ხშირი განმეორებადობით, რაც საშიშროებას უქმნის ქ. ყვარელს და აქ არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ისტორიული მონაცემებით, 1899 წლიდან 1978 წლამდე, დურუჯის ღვარცოფულმა ნაკადებმა 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხეობაში არსებული ღვარცოფსაწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი კონსტრუქციების (რომლებიც პერიოდულად გამოდის მწყობრიდან) მიუხედავად, ღვარცოფული პროცესების მაღალი საშიშროება დასახლების და ცენტრალური საავტომობილო გზის მიმართ კვლავ ნარჩუნდება. არსებული ინფორმაციით, ხეობაში აკუმულირებულია რამდენიმე ათეული მილიონი კუბური მეტრი ღვარცოფმაფორმირებლი მყარი ნატანი. აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს პერიოდში, აუცილებელია ხეობაში მოეწყოს თანამედროვე მონიტორინგის და შეტყობინების სისტემები, რათა დაცული იქნას ქ. ყვარლის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვირვებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია ხეობის სათავეებში ამგები ქანების გამოფიტვის ხარისხი, რაც ხელს უწყობს ხეობის კალაპოტში ნაშალი მასალის სწრაფ აკუმულაციას. შესაბამისად, ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში, დიდია აკუმულირებული მყარი ნატანის დინამიკაში მოსვლის და მძლავრი ღვარცოფული ნაკადების ფორმირების ალბათობა, რამაც შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
2023 წლის მდგომარეობით, ღვარცოფული პროცესების საშიშროება მკვეთრად გაზრდილია, რადგან მყარი ნატანის დაგროვების შედეგად აწეულია კალაპოტის ნიშნული, ხოლო გამოფიტვის და ნაშალი მასალის დაგროვების ინტენსივობა თითქმის გაორმაგებულია წინა წლებთან შედარებით. ამას ემატება ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად კახეთის მხარეში ატმოსფერული ნალექების (თავსხმა წვიმების) ინტენსივობის მკვეთრი ზრდა, რომელიც აუცილებლად მოიყვანს დინამიკაში, ხეობაში აკუმულირებულ ღვარცოფმაფორმირებლ მყარ მასალას, თავისი უარყოფითი შედეგებით.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, DMT იღებს ვალდებულებას კვლევები განახორციელოს შემჭიდროებულ ვადებში, ასევე დაგეგმოს მონიტორინგის და შეტყობინების სისტემების დიზაინი.
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა