,,მარტვილის მარნის" კონცეფცია ადგილწარმოშობის ღვინოს კონცეფციას მოიცავს. ბრენდის დამფუძნებლის მიზანია, სამეგრელო უნიკალური ღვინოები პოპულარული გახადოს და მივიწყებული ჯიშები გააცოცხლოს. როგორც ზაზა გაგუა Business Insider Georgia- თან ამბობს, არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ,,მარტვილის მარნის" უპირატესობას ამტკიცებს: ხარისხი, ნიშა ადგილობრივ ბაზარზე და ღვინის ბუნებრიობა, რითაც ბრენდმა ექსპორტზე და ადგილობრივ ბაზარზეც სახელი გაითქვა.
,,დასავლეთ საქართველოს ვენახის ტრადიციული ჯიშებით ნაკლებად არის ცნობილი. თუმცა ტრადიცია ხანგრძლივი და უნიკალურია. ისე მოხდა, რომ ბევრი კარგი ღვინო დავიწყებას მიეცა, გვინდა მივიწყებული ჯისები გავაცოცხლოთ. წარმოების პირველ ეტაპზევე ხარისხზე გავაკეთეთ აქცენტი. ამიტომ ჩვენი პროდუქცია ნატურალურია, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ასეთი ღვინოს წარმოება კი ყოველთვის არის რისკთან დაკავშირებული. ძალიან ფაქიზი და მოწყვლადია. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ ხარისხის შესანარჩუნებლად. გვინდა აქტიურად გავიტანოთ ექსპორტზე და ქვეყნის შიგნითაც უფრო პოპულარული გავხადოთ. შესაბამისად, რეალიზაციის 30% ადგილობრივ ბაზარზე მოდის, 70 % ექსპორტს უჭირავს", - განმარტავს ზაზა გაგუა.
ქართულ ბაზარზე ,,მარტვილის მარანი" რამდენიმე ნიშურ მაღაზიასა და რესტორანშია წარმოდგენილი.
ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის, მათ შორის სტაბილური ბაზრებია აშშ, იაპონია, დანია, გერმანია და ავსტრალია. ძალიან მალე ამ სიას ჩინეთი დაემატება.
ამ ეტაპზე ,,მარტვილის მარნის" ბრენდით 11 000 ბოთლი იწარმოება. კომპანიის გეგმაშია გრძელვადიანი განვითარება და წარმოების 50 000 ბოთლამდე გაზრდა, რაზეც აქტიურად მიდის მუშაობა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი