სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სებ-ის პრეზიდენტის 2017 წლის 15 მაისის №70/04 ბრძანებაში ცვლილები შეიტანა, რომლის მიხედვითაც პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ გათვალისწინებულ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს.
მოსალოდნელი ფულადი შემოდინებების დათვლისას ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოდინებები მხოლოდ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტებიდან, რომელთა რეკლასიფიკაცია არაა მოსალოდნელი მომდევნო 30 დღის განმავლობაში.
ასევე, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი გამოითვლება და გამოიყენება ყოველი დღისთვის. ყოველი დღის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა. თუ ბანკი ელოდება განსაზღვრული ლიმიტების დარღვევას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.
როგორც Business Insider Georgia-ს სებ-ში განუმარტეს, ცვლილების შემუშავება განპირობებულია საბანკო სისტემის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (IFRS) გადასვლით გამოწვეული ცვლილებებით.
„წარმოდგენილი ბრძანების პროექტის შესაბამისად, ვინაიდან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის შემდგომ აღარ არსებობს სტანდარტულად კლასიფიცირებული აქტივი და მისი განმარტება, მითითება გაკეთდა პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსურ ინსტრუმენტებზე და ჩაემატა შესაბამისი განმარტებაც.
ასევე, დაზუსტდა დებულებით განსაზღვრული კოეფიციენტების ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეტყობინების ვალდებულება ვალუტების მიხედვით, ნაცვლად აქამდე არსებული ჩანაწერისა, რომელიც მიემართებოდა ჯამური ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დარღვევას“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს სებ-ში.
უახლესი