დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს “ჩირინა“ ბაზარს

რა სიახლეებს სთავაზობს “ჩირინა“ ბაზარს

16-10-2024 12:00:00

თელავში, წინანდალში მდებარე მცირე საწარმო ჩირინა/Chirina-მ ბაზარზე პომიდვრის ჩირი გამოიტანა. როგორც Business Insider Georgia-თან „ჩირინას“ დამფუძნებელი თამარ ბატიაშვილი აცხადებს, სპეციალური აპარატის დაზიანების გამო სეზონი ნაწილობრივ ჩაუვარდა, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და საწარმომ ბაზარს ახალი პროდუქტი, პომიდვრის ჩირი უკვე მიაწოდა.

„ცოტა პრობლემები გვქონდა. აპარატი გაგვიფუჭდა და აქედან გამომდინარე სეზონი ნაწილობრივ ჩაგვივარდა, მაგრამ როცა აპარატი გავაკეთე ხილი უკვე მილევად რეჟიმში იყო. აქედან გამომდინარე რა გეგმებიც მქონდა ვერ განვახორციელე, თუმცა არსებულ ასორტიმენტს პომიდვრის ჩირი დავამატე. ადრე პომიდორს აჯიკის მეშვეობით, როგორც ხემსს ისე ვამზადებდი, თუმცა წელს ჩირის წარმოება გადავწყვიტე“,- ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

მიუხედავად სირთულეებისა „ჩირინა“ გაჩერებას არ აპირებს და ვაშლის, ციტრუსის, ხურმის სეზონზე შესაბამი პროდუქტების წარმოებასაც განახორციელებს.

დღეისათვის „ჩირინა“ 10-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და როგორც თამარ ბატიაშვილი ამბობს, ყველა პროდუქტი ერთნაირად გაყიდვადი და მოთხოვნადია.

დღეისათვის „ჩირინას“ პროდუქციის რეალიზაცია ხდება ონლაინ, საკუთარი ვებ-გვერდიდან chirinashop.ge და ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. 

წინასაახალწლოდ „ჩირინა“ გაყიდვების ზრდას ელოდება, რადგანაც საახალწლოდ კორპორატიული შეკვეთები იზრდება. სწორედ კორპორატიული შეკვეთებისთვის „ჩირინა“ სპეციალურ შეთავაზებასაც ამზადებს და ასორტიმენტსაც ამრავალფეროვნებს. 

„უკვე დავიწყეთ მზადება წინასაახალწლოდ კორპორატიული შეკვეთებისთვის და საახალწლოდ გამოვუშვებთ ჩირს შოკოლადით. აღნიშნულ პროდუქტს მანამდეც ვუშვებდით, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ჩირის ამოვლება შოკოლადში. ახლა კი აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტი იქნება  და მას ფილების ფორმა ექნება. ეს არ იქნება შოკოლადი ჩირით, ეს იქნება ჩირი შოკოლადით“, - ამბობს  „ჩირინას“ დამფუძნებელი.

„ჩირინა“ მცირე საწარმოა, რომელიც კახეთის რეგიონში აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ჩირს, ცუკატს, ტყლაპს, მურაბას, სხვადასხვა ნუგბარს, ხილის და მცენარეულ ჩაის. „ჩირინას“ ნაწარმი უნიკალურია. ის სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში მოყვანილი უწამლო ხილ-ბოსტნეულისგან მზადდება. შრება სპეციალურ აპარატურაში და დაცულია შენახვის ყველა პირობა.

ბრენდის ისტორია 2021 წლიდან დაიწყო. სურვილი გაჩნდა შექმნილიყო  ქართული, ჯანსაღი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის საყვარელი ნუგბარი გახდებოდა. ამასთან, საქართველოს წარმოადგენდა უცხოეთის ქვეყნებში და საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, მცირე საწარმომ 2022 წელს გაფართოება შეძლო და წინა წელთან შედარებით, 30-ჯერ გაზარდა წარმოება. დღეს „ჩირინა“ აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს. ქართველი მომხმარებლებისთვის სასურველი ნუგბარია, ხოლო სასაჩუქრე შეფუთვების სახით გაგზავნილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები