სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით, ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ციხისძირში მდებარე Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზანდა მესხიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, სასტუმროს სტუმრების დიდი ნაწილი ქართველი მომხმარებელია.
„რაც შეეხება Castello Mare Hotel & Wellness Resort-ისთვის ბაზრების გადანაწილებას პირველ ადგილზე შიდა ტურიზმი და ქართველი მომხმარებელია, რადგანაც ჩვენი კონცეფციაც მათზეა მორგებული და ქართულ პლატფორმებზე აქტიურად ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის აქციებს. შესაბამისად აქტიურობაც მაღალია“, - აღნიშნა ზანდა მესხიძემ.
სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ უცხოეთის ბაზრებიდან მაღალ აქტიურობას სომხეთიდან ელოდება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა ვითარებამ ევროპიდან ჯავშნები შეამცირა.
„დსთ-ს ქვეყნებიდან განსაკუთრებულ აქტიურობას სომხეთიდან ველოდებით იმიტომ, რომ უკვე აქტიურად გაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე და ჯავშნებზე. აქტიურად ველოდებოდით ევროპას, რადგანაც ჩვენ ვიყავით წარმოდგენილები გამოფენაზე ავსტრიასა და ვილნიუსში, ასევე პოლონეთში. ინტერესი იყო დიდი, რეალურად რამდენიმე ჯგუფის მხრიდან იყო ინტერესი, რომლებიც ჩვენთან სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს გეგმავდნენ. თუმცა რამდენიმე დღის უკან მივიღეთ შეტყობინება, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს გამო თავის იკავებენ ჩვენთან ვიზიტზე. გაგვიუქმდა რამდენიმე ჯავშანი ავსტრიიდანაც. ამ ეტაპზე ველოდებით ერთ-ერთი კომპანიიდან დასტურს. საკმაოდ აჭიანურებენ და ელოდებიან პოლიტიკური ნაწილის სტაბილურობის შეფასებას და შემდგომ ან დაგვიდასტურებენ ან დაგიდასტურებენ. ამიტომ ევროპიდან სტუმრებს რასაც ველოდით, ცოტა ნაკლებია.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა აქტიურია გერმანიის ბაზარი, საუბარი მაქვს როგორც კორპორატიულ ისე ინდივიდუალურ ჯავშნებზე. თუმცა გერმანია სტატისტიკურად ჩვენს ჯავშნებში მეოთხე ადგილზეა. ასევე აქტიურად არიან ვიზიტორები გალფის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ჰანიმუნერები, რომლებიც ხშირად ირჩევენ საქართველოს როგორც მიმართულებას. თუმცა ისინი ჩვენთან არიან 1-2 დღიანი ვიზიტებით, რადგანაც საქართველოს რამდენიმე კუთხეში ისვენებენ“, - აღნიშნა ზანდა მესხიძე.
მისივე თქმით, ჩინეთის ბაზრის გახსნა ჯერჯერობით Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის დამსვენებლებზე არ ასახულა.
„ჩინეთიდან სტუმრები ჯერჯერობით ჩვენთან არ ჩანს, თუმცა არც ჩვენ გვქონია მარკეტინგული ტარგეთირება ჩინეთზე და შესაძლებელია ეს ამის ბრალიც იყოს“, - ამბობს მესხიძე.
ირკვევა, რომ Castello Mare Hotel & Wellness Resort-ში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება თითქმის დასრულებულია და გარკვეული ღონივრები უკვე დაგეგმილი.
„სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით. ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას. გვექნება ლუდის ფესტივალები, რეტრო დისკო წვეულება, რომელიც ჩვენს ღია სივრცეში გაიმართება. მსგავსი საინტერესო ღონისძიებებით ნამდვილად გავანებივრებთ ჩვენს მომხმარებლებს, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება ჩვენი აქტიური მომხმარებლებისთვის“, - ამბობს მესხიძე.
Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმსრულებელი დირექტორის თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯავშნების მიმართულებით ზრდა არის.
„ივნისს ჯერჯერობით ვერ შევაფასებ, მაგრამ 2024 წლის მაისი გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე 2023 წლის მაისი. აქტიურად გვყავდნენ სკოლის ბანკეტის ბავშვები, რომლებიც 2 ღამით მოდიან, ისვენებენ და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ. გარდა ამისა მაისი აქტიური იყო სხვადასხვა ჯგუფების კუთხითაც.
ჩვენს ღია სივრცეებში ვეპატიჟებით დამსვენებლებს. მენიუში დავამატეთ საკმაოდ გემრიელი და ავთენტური კერძები, როგორიც არის აფხაზურა თაშმიჯაბით, გვაქვს სალათები გუდის ყველით და სხვა. ვინც უკვე მიჩვეულია და იციან ჩვენი გემოები კარგად იციან თუ ჩვენთა რა ელოდებათ“, - აცხადებს Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმასრულებელი დირექტორი.
Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის დამსვენებლებს სიახლეა ელოდებათ სპა მიმართულებით,
„სიახლე გაქვს სპა ცენტრის მიმართულებით, დაემატა სხვადასხვა პროცედურები. საუბარია აპარატურულ და არააპარატურულ პროცედურებზე, რომელიც პროფესიონალური ხაზით მიმდინარეობს. რეალურად უკვე გვყავს სტუმრები, რომლებიც ჩვენთან 10 დღიან პროგრამებს იღებენ, რომ შესაბამისი შედეგი მიიღონ“, - ამბობს ზანდა მესხიძე.
Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი 101 სასტუმრო ოთახს აერთიანებს.
„გასულ წელს ყველაზე მაღალ სეზონზე 86%-იანი დატვირთულობა იყო, რაც წელს გაცილებით უფრო მეტი უნდა იყოს, რადგანაც გასული წელი გაცილებით ნაკლები შედეგებით დავხურეთ, ვიდრე 2022 წელი იყო. წელს უფრო აღალი მოლოდინები გვაქვს, თუ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ არ შეგვიშალა ხელი“, - აცხადებს ზანდა მესხიძე.
Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ წელს სასტუმროში თითქმის იგივე ფასებია.
„უფრო მეტიც All Inclusive მიმართულება შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გაცხადეთ“, - აცხადებს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა