დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეების დანერგვა იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - ირაკლი ქარქაშაძე დეტალებით

რა სიახლეების დანერგვა იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - ირაკლი ქარქაშაძე დეტალებით

20-03-2025 10:00:00


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი დგას. თქვენ იცით რომ 70 წლიანი ისტორია აქვს სხვადასხვა პერიოდის განახლების გათვალისწინებით, მაგრამ დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის  ქვეყანაში რიგით მეორე აეროპორტი. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი მთელი ევროპის მასშტაბით და ჩვენ შარშან სწრაფად მზარდ საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზე დაგვასახელეს. ეს ყველაფერი აუცილებლად მოითხოვს ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას იმისთვის, რომ გაზრდილ მოთხოვნას მოვემსახუროთ. ყველაზე მსხვილი პროექტი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლია. ეს პროექტი არის 2 წლიანი პროექტი და იგეგმება, რომ 2026 წელს დავასრულოთ. აღნიშნული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დასრულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდება უმაღლესი კატეგორიის. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს და აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიაში ამ კატეგორიის, F კატეგორიის აეროპორტი არ არსებობს  და ქუთაისის აეროპორტს ამ ეტაპისთვის ექნება ყველაზე გრძელი ოპერირებადი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, აეროპორტში მალე ხელმისაწვდომი იქნება Self Bag Drop-ი, ე.წ ბარგის თვით ჩაბარების სერვისი, თვით რეგისტრაცია აეროპორტში.

„იცით, რომ უკვე მუშაობს ე.წ ელექტრონული გეითები, რაც იმას ნიშნავს რომ წინასწარ ბორდ ქარდის არსებობის შემთხვევაში უკვე რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ მგზავრები და ეს უკვე სატესტო რეჟიმში არის ჩვენი მხრიდან სრულად გვაქვს მზადყოფნა. ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს პროცედურა იმისთვის, რომ სრულად ჩაეშვას. ამისა გარდა, ვგეგმავთ Fast Track -ის დამატებას, ვგეგმავთ ე.წ ბიზნეს ლაუნჯის დამატებას, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ მხოლოდ Demo ვერსიებს გიზიარებთ, თუმცა ოფიციალურად ცოტა ხანში, მაგრამ გვაქვს გეგმები. ასევე ვგეგმავთ ე.წ ბიომეტრიული პასპორტებით საზღვრის კვეთას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს საქართველოში საზღვრის კვეთას. ეს ერთის მხრივ, დამატებითი სერვისია, მორეს მხრივ, რა თქმა უნდა აეროპორტისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დააჩქაროს. აქედან გამომდინარე, გეგმები ძალიან დიდი გვაქვს. გვაქვს კიდევ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, საჰაერო ხომალდების სადგომების რეაბილიტაცია, რომელიც ბოლოში გადის“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. 

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს მფლობელობაში იმისთვის, რომ აეროპორტი მშვიდად, წყნარად და ძალიან სტრატეგიულად განვითარდეს. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები