მძღოლის მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო ფორმა მოქმედებს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში და მოხარული ვართ, რომ საქართველოშიც აქტიურად დავიწყეთ კანონპროექტზე მუშაობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ იურიდიული და ზარალების მართვის დირექტორმა თეონა კვიციანმა განუცხადა.
„ეს კანონპროექტი, ერთი მხრივ, არსებითად დაიცავს მოქალაქეების უფლებებს და მეორე მხრივ, მძღოლებს გაათავისუფლებს გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგებისგან. შედეგად, მოქალაქეები შეძლებენ, მინიმალური პრემიის სანაცვლოდ რეალურად მიიღონ ის სარგებელი, რაც ამ პროდუქტს ახლავს“, - აღნიშნავს კვიციანი.
მისივე თქმით, დაზღვევის სავალდებულო ფორმის არსებობა ხელს შეუწყობს დაზღვევის შესახებ ცნობადობის გაზრდას „მოქალაქეები სულ უფრო მეტად გამოცდიან ამ პროდუქტის პოზიტიურ გავლენას საკუთარ ფინანსებზე და ცხოვრების ხარისხზე და ეს მომავალში ხელს შეუწყობს სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას და შესაბამისად რისკების დაზღვევის პრაქტიკის უფრო ფართოდ გავრცელებას“.
Business Insider Georgia-ს კითხვაზე, მზადაა თუ არა სადაზღვევო სექტორი ამ კანონის ამოქმედებისთვის „ალდაგის“ იურიდიული და ზარალების მართვის დირექტორმა ასე უპასუხა:
„აღნიშნული სტანდარტის დანერგვა რამდენიმე წელია განიხილება. დღეს ვართ აქტიური მოლაპარაკების პროცესში, რომელშიც აქტიურად ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, და ყველა ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია. არსებობს რიგი საკითხები, რომელიც უკვე შეთანხმებულია მთავრობასთან: ბაზრის მოწყობის პრინციპი, გაყიდვებისა და ანაზღაურების სქემა. სადაზღვევო სექტორი და კერძოდ, ჩვენი კომპანია მზადაა კანონპროექტის ამოქმედებისთვის და იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე კანონპროექტი დამტკიცდება“.
რაც შეეხება რისკებს, თეონა კვიციანი ამბობს, რომ მძღოლის მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის ამოქმედების შემდეგ უარყოფითი შედეგების რისკი საკმაოდ დაბალია.
„უარყოფით შედეგებს არ ველოდებით, თუმცა თეორიულად ცხადია ყველა რისკი უნდა განვიხილოთ. დაზღვევისთვის დამახასიათებელია რისკის ჰეჯირება და იმგვარი გადანაწილება, რომ უარყოფითი შედეგების მოლოდინი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. გარდა ამისა სტატისტიკური მონაცემები მოგვცემს საშუალებას მიღებულ იქნას დროული და ადეკვატური ზომები, რაშიც აქტიური როლი სადაზღვევო კომპანიებთან ერთად სავალდებულო დაზღვევის ბიუროს და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ექნება.
ამასთან „ალდაგის“ იურიდიული და ზარალების მართვის დირექტორი აღნიშნავს, რომ კანონის ამოქმედებისთანავე ავტომფლობელების ინფორმირება დეტალურად უნდა მოხდეს.
„აუცილებელია ყველა მონაწილე მხარე აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში: სადაზღვევო ინდუსტრიას ამ ნაწილში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. უნდა მოხდეს ინფორმაციის სწორი მიმოცვლა მოქალაქეებთან, რა სარგებელი მოაქვს დაზღვევის ამ ფორმას მძღოლებისთვის, რა სერვისებს გულისხმობს, რა იფარება, სად უნდა შეიძინოს პროდუქტი და სხვა ტექნიკური დეტალები.
რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვილი ხელმისაწვდომობა თავის მხრივ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტური ადმინისტრირება რათა ყველა ავტომფლობელმა შეიძინოს პროდუქტი და პენეტრაცია იყოს მაღალი, რაც ამ პროდუქტის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა“, - აცხადებს კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხი წელია ელოდება.
საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო 1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა