ახალ პრემიერთან პირველი საჯარო კომუნიკაციის შემდეგ ბიზნესი მთავრობისგან უფრო აქტიური თანამშრომლობის მოლოდინშია, რაზეც დაპირება კერძო სექტორმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირაკლი კობახიძისგან მიიღო.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ასეთი შეხვედრების დროს გარკვეული ინიციატივები უკვე ბიზნესის მხრიდანაც წამოვა.
„როდესაც პრემიერი გეუბნება ერთად ვიფიქროთ, ერთად დავსხდეთ, ერთად შევქმნათ კომუნიკაციის პლატფორმები და მე მზად ვარ მოგისმინოთ - ამით, რომ ვინმე უკმაყოფილო დარჩენილიყო ალბათ არალოგიკურია. მთავარი არის ის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გვესმის, რომ სტანდარტები, რეგულაციები გვჭირდება, იმიტომ, რომ ეს არის ვალდებულებითი ნაწილი ევროკავშირთან, მაგრამ ამ ბიზნესის მოსმენა ამ სტანდარტების მიღების დროს არის საყურადღებო, იმიტომ, რომ თუ კი ეს რეგულაცია რაიმე დამატებით პრობლემებს აჩენს და ყველა რეგულაცია რაც არ უნდა კეთილი მიზანი იყოს რაღაც გვერდითი ეფექტი მაინც მოსდევს ხოლმე. აი ამაზე თუ ვისაუბრებთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემსუბუქებული იყოს ე.წ. რეგულაციური წნეხი. მეორე ნაწილი, რაც შეხვედრაზე ასოციაციის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა არის ის, რომ არამხოლოდ შემოთავაზებულ რეგულაციებზე ვისაუბროთ, ბიზნესმა პროაქტიულად 2 მიმართულებით შემოგთავაზოთ თანამშრომლობა. ერთი, რომ რაღაცა ტიპის რეფორმები ჩვენგან წამოვიდეს და იდეები შემოგთავაზოთ და მეორე, არსებული სტანდარტები, რომელიც უკვე არსებობს და თავის დროზე წინასწარი შეფასებები არ გაკეთებულა, რა შეიძლება შეექმნა პოზიტიური, ნეგატიური ამ რეგულაციას ახლა გავაკეთოთ. ანუ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები და გადავხედოთ თუ კი სადმე დასაკორექტირებელია. ანუ ეს ორი მიმართულებაა, რასაც ჩვენ შევთავაზებთ შემდგომი კომუნიკაციის დროს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
უახლესი