დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საფრთხეს შეიცავს კორპუსებზე თვითნებური მიშენებები - სპეციალისტის შეფასება

რა საფრთხეს შეიცავს კორპუსებზე თვითნებური მიშენებები - სპეციალისტის შეფასება

11-11-2023 17:00:38

თბილისის გენერალური გეგმის თანაავტორი, პროფესორი,არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე ძველი შენობების იმ ნაწილს, რომელზეც თვითნებური მიშენებებია, მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევს.

როგორც ბოლქვაძე  Business Insider georgia - თან აღნიშნავს, ასეთი თვითნებური მიშენებები თბილისში ძველი შენობების უმეტესობაზე ფიქსირდება, განსაკუთრებით, დედაქალაქის გარეუბნებში.

„გასული საუკუნის  90-იან წლებში მიშენებები პროექტის გარეშე კეთდებოდა. კომპანიის წარმომადგენელი ან კერძო ხელოსანი მიდიოდა კონკრეტულ მისამართზე და შეკვეთას უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლად ასრულებდა.

ლოჯიების დაშენებისას  შემდუღებელი და სხვა სპეციალისტი ქუჩიდან მოჰყავდათ, არავინ ინტერესდებოდა, რამდენად სწორად  კეთდებოდა კვანძები, სწორად  უკავშირდებოდა თუ არა შენობას, რამდენად  სწორად იყო შერჩეული ბეტონის მარკიანობა და სხვა.

ამას არავინ აქცევდა ყურადღებას, შესაბამისად, ასეთი მიშენებები დროთა განმავლობაში  ირღვევა, მოქალაქეები უნდა იყვნენ ფრთხილად და შესაბამისმა სამსახურებმაც განსაკუთრებით მიაქციონ ყურადღება, რამდენად მყარია ასეთი კონსტრუქციები", - აცხადებს მერაბ ბოლქვაძე და დასძენს, რომ უსაფრთხოებაზე ანალიზი უნდა  გაკეთდეს, ჩატარდეს შესაბამისი კვლევა და  როცა დაიდება დასკვნა, რომ კონკრეტული კორპუსი საყურადღებოა, პერიოდულად უნდა შემოწმდეს.

,,რამდენიმე ფაქტორია, რა შემთხვევაშიც მიშენება განსაკუთრებით არის საშიში და საფრთხეს უქმნის მობინადრეებს. კერძოს, შეიძლება ძველი კვანძია, თავის დროზე არ იყო სწორად გაკეთებული და მოხდა რღვევა ან  გახსნა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. კონსტრუქტორებთან ერთად არის ეს დეტალები აუცილებლად გასათვალისწინებელი და გასავლელი", - ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

ცნობისთვის, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ გაცემული დადგენილების მიხედვით, 2018 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგულაციები გამკაცრდა და ჯარიმის რაოდენობა 10 000 ლარამდე განისაზღვრა.

ჯარიმის გარდა, განხორციელებული რეგულაციების შედეგად, პირი, რომელიც დაარღვევს კანონს, არა მხოლოდ დაჯარიმდება, არამედ დაუყოვნებლივ მოხდება თვითნებურად მიშენებული ან დაშენებული ნაწილების დემონტაჟიც.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები