დღეს ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში გემების მოსაკრებელი გაცილებით უფრო მეტია სხვა ქვეყნების ნავსადგურებთან შედარებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს MSC Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა განუცხადა.
„რომ შევადაროთ იგივე თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და სხვა ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურების ანალოგიურ მოსაკრებლებს ბათუმის და ფოთის პორტების მოსაკრებლები არის 3-4 ჯერ უფრო მაღალი ერთი და იგივე გემისთვის.
სამწუხაროდ სახელმწიფოს ჩარევის და რეგულირების არანაირი ინსტრუმენტები არ გააჩნია. ეს შეცდომა დაშვებული იყო მათი პრივატიზების დროს. ფოთის ნავსადგური მთლიანად კერძო საკუთრებაშია, ხოლო ბათუმის ნავსადგური მრავალწლიანი იჯარითაა გადაცემული. აქედან გამომდინარე გემის მოსაკრებლებსაც ისინი თავისი შეხედულებით აწესებენ“, - ამბობს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე .
ჯემალ ინაიშვილის განმარტებით, პორტებში არსებული მაღალი მოსაკრებლების გარდა, პრობლემას აგრეთვე წარმოადგენს ტვირთის დაცლა/ დატვირთვის მაღალი ტარიფებიც და მათი გამტარუნარიანობაც რაც აგრეთვე უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ნავსადგურებისა და მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.
ჯემალ ინაიშვილი, რომელსაც საზღვაო გადაზიდვების მრავალ წლიანი გამოცდილება გააჩნია, ამბობს, რომ ნავსადგურებში არსებული ამწეების უმეტესობა საჭიროებს განახლებას. ამასთან, ვინაიდან ნავსადგურებს არ გააჩნიათ სათანადო ზომის დახურული საწყობები, საიმპორტო ტვირთის უმეტესობა პირდაპირი ვარიანტით ვაგონებში იცლება, რაც გემის დაცლის პროცესს ვაგონების შესაბამის რაოდენობაზე პირდაპირ დამოკიდებულს ხდის.
მაგრამ ასევე უნდა ითქვას საპრტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციებით მიღწეული დადებითი შედეგების შესახებ.
კერძოდ, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში აზოტოვანი მინერალური სასუქების საწყობების და გადამტვირთავი კომპლექსების მოწყობაში, რითაც საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან აღნიშნული ტვირთების ჩვენი დერეფნის მეშვეობით ექსპორტი.
„გარკვეული ინვესტიციები ჩაიდო აგრეთვე საკონტეინერო საპორტო და სატერმინალო ინფრასტრუქტურის განახლებაში ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში. მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და საჭიროა გაცილებით მეტი ინვესტიციები განხორციელდეს როგორც ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ასევე რკინიგზაში“,- ამბობს ჯემალ ინაიშვილი.
უახლესი