დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის კონტრაქტები გააფორმა თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღების შესყიდვაზე - მინისტრის განმარტება

რა მოცულობის კონტრაქტები გააფორმა თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღების შესყიდვაზე - მინისტრის განმარტება

17-10-2023 18:37:14

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, დღეს, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა, თუ რა მოცულობის კონტრაქტები გააფორმა სამინისტრომ შეიარაღების შესყიდვაზე. 

„მხოლოდ 2023 წელს, სამინისტრომ გააფორმა დაახლოებით 15 მრავალმილიონიანი ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე. ჩვენ ეს კონტრაქტები გვაქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ესპანეთი (კომპ. INSTALAZA - ხელით გადასატანი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), გერმანია (კომპ. DND - ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), საფრანგეთი, ისრაელი (კომპ. RAFAEL - საჰაერო თავდაცვის სისტემა SPYDER; ADAMS), პოლონეთი (კომპ. „Mesko“ - საზენიტო-სარაკეტო საშუალება), ფინეთი (Lapua; შაშხანების კომპლექტი), ჩეხეთი (კომპ. Excalibur - საარტილერიო სისტემების შეკეთებისა და ტრენინგის მომსახურება; LOM PRAHA - მფრინავების საწყისი მომზადების კურსი) და სხვა. მოცემული კონტრაქტები ეხება ისეთი მნიშვნელოვანი შეიარაღების საშუალებებს, როგორიცაა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები, ყუმბარმტყორცნები, შაშხანები და სხვადასხვა საბრძოლო საშუალებები“, - განაცხადა მინისტრმა.

ასევე, მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ საქართველოში და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო და წლის ბოლომდე მიიღებს ჯამში 27 მსხვილმასშტაბიან ეროვნულ და მრავალეროვნულ სწავლებებში.

„ასევე, გარდა მსხვილმასშტაბიანი ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებებისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა 13 სწავლებას და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო 5 მრავალეროვნულ სწავლებაში.

ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არის მთელი ჩვენი სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. მე მადლობას ვუხდი ჩვენს სამთავრობო გუნდს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენს საპარლამენტო გუნდს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და მის ხელმძღვანელობას და პირადად თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და აქტიური ძალისხმევისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნისა და მისი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, კიდევ არაერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეფორმას განვახორციელებთ.

ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო უსაფრთხო და დაცული. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, სწორედ მათი თავდადებისა და პროფესიონალიზმის გამოა, რომ თავდაცვის ძალები არის გამორჩეული და უმაღლესი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტი. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით მომავალში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდება“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები