2022 წელს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტების სამოქმედო არეალებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (მხუთავი არით CO-თი ინტოქსიკაციის) და სხვა უბედური შემთხვევების რამდენიმე ათეული ფაქტი.
ამ სფეროში უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა მძიმდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდის დადგომის დროს.
ენერგოომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში წერია, რომ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტებისაგან წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად მთლიანობაში დაფიქსირებულია აფეთქების 4 ფაქტი, რომლის შედეგად გარდაიცვალა - 3 მოქალაქე.
აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.
2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისაგან (CO - ნახშირჟანგი, იგივე, ნახშირბადის მონოქსიდი) ინტოქსიკაციის (მოწამვლის) - 76 შემთხვევა. გარდაიცვალა - 15 ადამიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის საფუძველზე გამოძიება დაიწყო 38 დანაშაულის ფაქტზე.
2022 წელს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ განაწილების არეალში, ანუ ძირითადად საქართველოს რეგიონების მასშტაბით (მსხვილი ქალაქების გამოკლებით) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების ერთი შემთხვევა. გარდაიცვალა - 1 ადამიანი.
დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან (CO) მოწამლვის ერთი შემთხვევა, რომლისგანაც გარდაიცვალა - 1 ადამიანი.
ხოლო სს „საქორგგაზის“ განაწილების არეალში, რომელშიც შედის რუსთავი, ქუთაისი, გორი და სხვა მსხვილი ქალაქები, ბუნებრივი გაზისაგან მოხდა აფეთქების 1 შემთხვევა, რომლისგანაც გარდაიცვალა - 1 ადამიანი.
ამავე კომპანიის განაწილების არეალში 2022 წელს დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან (CO-თი) მოწამვლის 41 შემთხვევა, რომლის დროსაც გარდაიცვალა - 2 მოქალაქე.
როგორც ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მხუთავი აირით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ამ მხრივ კვლავ პრობლემურად რჩება მსხვილი ქალაქები, მათ შორის ქალაქი რუსთავი და ქუთაისი.
შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში კომპანიის განაწილების არეალში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად დაფიქსირებულია აფეთქების/აალების 3 ფაქტი, რომლის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება (დამწვრობა) მიიღო 2-მა ადამიანმა. დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან (CO) სავარაუდო მოწამლვის 35 შემთხვევა, გარდაიცვალა - 12 მოქალაქე.
მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო 64-მა ადამიანმა. „რეგიონებისა და დედაქალაქის მასშტაბით მომხდარი ფაქტების ანალიზით დადგინდა, რომ უბედური შემთხვევები ძირითადად გამოწვეული იყო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო დანადგარების (ღია წვის წყალგამაცხელებლების, ასევე სხვა დანადგარების) თვითნებური, ან არასწორი მონტაჟის შედეგად, ასევე, ტექნიკურად გაუმართავი და გაზის დანადგარების არასწორი ექსპლუატაციის შედეგად.
ბუნებრივი გაზის ნებისმიერი დანადგარის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა ზედმიწევნით ზუსტი დაცვით და კომპანიის წარმომადგენლების მკაცრი ზედამხედველობის პირობებში.
შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები შესრულდეს არაკვალიფიციური პირების მიერ და მისი ექსპლუატაცია განხორციელდეს კომპანიის სათანადო ნებართვის და ზედამხევდელობის გარეშე. მარეგულირებელი კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საცალო მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით. ხოლო განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია საცალო მომხმარებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება.“
ბუნებრივი გაზის დანადგარების ვარგისიანობის, უსაფრთხოებისა და სწორი ექსპლუატაციის წესების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებისათვის საკმაოდ მწირია.
პრობლემას წარმოადგენს ღია ტიპის, ე.წ. „ერთ კამერიანი“ წყალგამაცხელებლების, ასევე, გაზის არასტანდარტული გამათბობლების ექსპლუატაციის საკითხი. ასეთი ტიპის დანადგარების საცხოვრებელ სათავსოებში განთავსება და მონტაჟი დაუშვებელია, რადგან აღნიშნული დანადგარები წვისათვის ჟანგბადს იღებს საცხოვრებელი სათავსოდან, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ბუნებრივი გაზის არასრული წვა და დახურულ სივრცეში (ბინაში) მხუთავი აირის CO-ს მაღალი კონცენტრაციის დაგროვება.
CO (ნახშირჟანგი, ან ნახშირბადის მონოქსიდი) - თავის მხრივ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის წვის შედეგად მიღებულ უსუნო, უფერო, უგემო და მომწამლავ აირს, რომელიც ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის იწვევს უმძიმეს შედეგებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტებმა გასცეს სათანადო მითითებები, რათა სრულად იქნეს ასეთი ტიპის წყალგამაცხელებლები და დანადგარები გატანილი მომხმარებელთა საცხოვრებელი ბინებიდან და მოითხოვეს, აღნიშნული დანადგარების გამოყენება დაექვემდებაროს გარკვეულ აკრძალვებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება