სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზვიად ასანიშვილმა Business Insider Georgia-სთან განაცხადა, რომ ქუჩაში მიუსაფარი ცხოველების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალიზებული ღონისძიებების განხორციელება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიების გამართვა.
„მიუსაფარი ცხოველები ქუჩაში, ეს არის რეგიონული პრობლემა და ამ შემთხვევაში უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალიზებული მიდგომა, არა მხოლოდ თბილისში, რადგან ასევე რეგიონებიდანაც ხდება ცხოველების მიგრირება და შემდეგ ისინი დიდ ქალაქებში ვრცელდებიან. ასევე მოსახლეობასთან ძალიან ბევრია სამუშაო იმ მიმართულებით, რომ ცხოველები ქუჩაში არ მიატოვონ. პასუხისმგებლობა გააცნობიერონ ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ძაღლს ან კატას აიყვანენ მოსავლელად“, - განაცხადა ზვიად ასანიშვილმა.
მისი თქმით, გამოსავალია, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მოიცვას მიუსაფარი ცხოველები უვნებელი ვაქცინირებული სტერილური პოპულაციით, ხოლო შემდეგ გაძლიერდეს ზედამხედველობა ჯარიმებით იმ ადამიანზე ზედამხედველობა რათა არ მოხდეს ცხოველების არარეგისტრირებული სახით უმეთვალყურეოდ დატოვება.
„მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ რეგისტრაციის მიმართულებები, რომ შევძლოთ იდენტიფიცირება იმ ცხოველების, რომლებსაც ჰყავდათ პატრონი და შემდეგ ქუჩაში მოხვდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო კამპანია, რომ ცხოველები ქუჩაში არ მოხვდნენ. გვაქვს საინფორმაციო კამპანიები სკოლაში, სადაც ბავშვებს ვასწავლით ცხოველებთან ურთიერთობას და პასუხისმგებლობას. ეს არის გრძელვადიანი მიზანი ბავშვებთან მუშაობის, მაგრამ ყველაზე ეფექტური ინვესტიცია, რომ ისწავლონ ცხოველებთან მოპყრობა და არ შეუქმნან საფრთხე სხვა მოქალაქეებს“,- აღნიშნა ზვიად ასანიშვილმა.
2015 წელს შეიქმნა და ჩამოყალიბდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომლის ძირითადი მიზანია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით მართვა, მოქალაქეებისა და ცხოველებისათვის უფართხო გარემოს შექმნაზე ზრუნვა და სხვადასხვა მიმართულებით ცხოველების დახმარება.
2015 წლიდან დღემდე სააგენტომ: გაასტერილა 45 700-ზე მეტი ცხოველი; (2015-2024 წ. 6 თვე); 55200-ზე მეტი პირველადი და განმეორებითი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარა; დააბინავა 6 314 ცხოველი; 1000-ზე მეტი დაკარგული ცხოველი პატრონთან დააბრუნა; სააგენტოს მაშველებმა 3 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს.
სააგენტომ გასული წლის დეკემბრის თვეში დაიწყო პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს (ოქტომბერში) დასრულდება. მიმდინარე წელს აღიჭურვა და პრაქტიკაში დაინერგა მობილური ვეტერინარული კლინიკა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილდება და ცხოველებს მათსავე უბნებში ასტერილებს. მიუსაფარი ძაღლებისათვის დედაქალაქის მასშტაბით ასობით მისამართზე ხის სახლები განთავსდა.
უახლესი