ბავშვთა დაცვის დღისთვის, რომელიც 1-ელ ივნისს აღინიშნება, მთაწმინდის პარკში აქტიური სამზადისი დაიწყო.
როგორც პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება.
ბავშვთა დაცვის დღე მთაწმინდის პარკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა.
როგორც Business Insider Georgia- ს მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავარ მოედანზე მოსული სტუმრებისთვის უამრავი აქტივობა და გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.
„1-ელი ივნისი მთაწმინდის პარკის ყველაზე საბავშვო, სადღესასწაულო განწყობით სავსე და საზეიმო დღეა. შესაბამისად, ყოველწლიურად განსაკუთრებით ვემზადებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც გრანდიოზულად ტარდება და ამ დღეს ტრადიციულად ყველაზე მეტ სტუმარს ველით, ამიტომ სამზადისიც გამორჩეულია. ვცდილობთ, დაუვიწყარი გავხადოთ ეს დღე ჩვენი პატარებისთვის, რომლებიც 1-ელ ივნისს გვეწვევიან.
რაც შეეხება აქტივობებს, დაგეგმილია საბავშვო ანსამბლების და სტუდიების კონცერტები, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, პრიზების გათამაშებები, ხელოვნების სკოლის მიერ წარმოდგენილი შემეცნებითი თამაშები, პარტნიორი კომპანიების მიერ მოწყობილი სივრცეები საჩუქრებით და უამრავი გასართობი. დეტალებზე ინფორმაციას უახლოეს დღეებში გავავრცელებთ“, - აცხადებენ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში.
ღონისძიება 1-ელ ივნისს მთაწმინდის პარკში 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში, 21:00 საათამდე გაგრძელდება.
უახლესი
12 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი