დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა ექნება სავალდებულო ევრორეგულაციას სადაზღვევო სექტორზე - დავით ონოფრიშვილი

რა გავლენა ექნება სავალდებულო ევრორეგულაციას სადაზღვევო სექტორზე - დავით ონოფრიშვილი

20-12-2023 11:00:00

საქართველო საკუთარი კანონმდებლობის „დაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ“ (SOLVENCY II) ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის 2009/138/EC დირექტივასთან 100%-ით ჰარმონიზაციას გეგმავს.

როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირთან დაახლოებულია, თუმცა კიდევ არის რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი.

„ფაქტობრივად ევროპული კანონმდებლობა გვაქვს, ყველა ის კომპანია, რომელიც ამას აითვისებს იქნება წარმატებული და მომგებიანი“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ Solvency II-ს ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოსაყვანად სააგენტო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მზად მომავალ წელს იქნება და პარლამენტში სავარაუდოდ 2024 წლის ბოლოსკენ შევა.

საკანონმდებლო ინიციატივა კი სადაზღვევო სექტორის ანგარიშგებების ახალ მოდელზე გასვლას გულისხმობს.

„ევროკავშირს აქვს კანონმდებლობა Solvency II, სადაც ჩვენ ჯერ ვართ ზოგად ანგარიშგებებთან და ეს გადასვლა არის მნიშვნელოვანი, რომელიც ევრო დირექტივით იმართება. შესაბამის კანონპროექტს ვამზადებთ, საკმაოდ რთული იქნება ეს გარდამავალი პერიოდი. უკვე ამისთვის ვამზადებთ კომპანიებსაც და მის პერსონალსაც და ასევე ჩვენ თვითონაც ვემზადებით.

აღნიშნული კანონმდებლობა კი ანგარიშგების სრულად ახალ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, სადაც კომპანიებისთვის ბევრი რამე შეიცვლება. თუმცა ამ პროცესს გარკვეული დრო, წლები სჭირდება. მიგვაჩნია, რომ ბევრი კომპანია ამას თავს გაართმევს, თუმცა ზოგმა შესაძლოა ვერ გაართვას.

კანონპროექტი პარლამენტში ალბათ მომავალ წელს შევა და მისი მიღების შემდეგ კანონის თითოეული მუხლი ეტაპობრივად, რამდენიმე წლის შემდეგ შევა ძალაში. ეს მოხდება იმიტომ, რომ სიახლეზე, Solvency II-ზე გადასვლა თავის დროზე თავად ევროკავშირის ქვეყნებსაც გაუჭირდათ. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით ისეთი კუთხით, რომ სხვა ქვეყნების შეცდომების თუ მოუმზადებლობის პრაქტიკა უკვე ვიცით და გვინდა, რომ Solvency II,-ის ამოქმედებას შევხვდეთ ისე, რომ ბიზნესს, სადაზღვევო კომპანიებს მაქსიმალურად გაუადვილდეს Solvency II-ზე გადასვლა“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, Solvency II-ზე გადასვლის პარალელურად ბზინესს კადრების მაქსიმალური გადამზადებაც მოუწევს.

„კადრებს დასჭირდება გადამზადება პირველ რიგში, თუმცა ზოგი შესაძლოა ვერც გადამზადდეს, რადგანაც სულ სხვაგვარ მიდგომებზეა საუბარი.

ევროკავშირში ზოგიერთ ქვეყანაში კომპანიებს დღესაც უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ისინი Solvency II-ზე არიან გადასულები“. - თქვა ონოფრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დირექტივა Solvency II რისკზე დაფუძნებული მიდგომაა ევროკავშირში მზღვეველებისა და სადაზღვევო ჯგუფების რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები