შეიძლება ითქვას, რომ დაივინგი, როგორც ბიზნესპროექტი ქვეყანაში არ არსებობს, - ამის შესახებ კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორმა და საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
დავით ნიკოლეიშვილის განმარტებით, წლებია ამ სექტორში მუშაობს და ცდილობს, რომ ქვეყანაში წყალქვეშა ტურიზმის განვითარებას მიაღწიოს, თუმცა დადებით შედეგებზე ამ დრომდე ვერ გავიდა. .
მისივე თქმით, დაივინგი ერთ-ერთი საზღვაო ტურისტული პროდუქტია და წყალქვეშა ტურიზმიდან მსოფლიო წელიწადში 3 მლრდ დოლარზე მეტს შემოსავალს იღებს. ამ მიზნით კი ქვეყნები წყალქვეშ ძირავენ გემებს, რათა უფრო მეტი წყალქვეშა სანახაობები შექმნან და ანვითარებენ წყალქვეშა პარკებს
„საქართველოში დაივინგის განვითარებაზე არცერთი სტრუქტურა არ ფიქრობს. დაივინგი, როგორც ბიზნესპროექტი შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მკვდარია. ამ სფეროში რამდენიმე ადამიანი მუშაობს, რასაც არ შეიძლება დაერქვას სერიოზული ბიზნეს-პროექტი. უფრო ჰობის დონეზე გვიწევს მუშაობა. ვარ ინსტრუქტორი, მაქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება და უფლება, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაო, თორემ 20 წლის განმავლობაში საქმემ წინ ვერ წაიწია. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი დაივინგი აღარ არის, ჩვენი პრიორიტეტი გახდა წყალქვეშა მეღვინეობა“, - ამბობს „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი.
დავით ნიკოლეიშვილის განმარტებით, გარდა რიგი ხელშეწყობებისა მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაც და სახელმწიფოს მხრიდა მეტი ჩართულობაც.
„პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი აცხადებს, რომ დაივინგის მიმართულებით ქვეყანაში მოთხოვნა არის.
„მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორი ფლორა და ფაუნაა წითელ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვაში, კარიბის ზღვაში, მალაიზიასა თუ კანარის კუნძულებზე, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში პირობები განსხვავებულია. ბუნება არ გვიწყობს ხელს, კლიმატური პირობებიც ძალიან რთულია. არც სამთავრობო სტრუქტურებიდანაა ხელშეწყობა“, - აცხადებს „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ წლების უკან შავ ზღვაში სპეციალურად ჩაიძირა გემი, რომლის აჭარასა და ზოგადად რეგიონში დაივინგის და წყალქვეშა ტურიზმის განვითარების წინაპირობა უნდა გამხდარიყო, თუმცა ჩაძირვიდან რამდენიმე თვეში გემი დინებამ წაიღო, რის მიზეზადაც მაშინ სხვადასხვა ფაქტორები დასახელდა.
თუმცა დღეს დავით ნიკოლეიშვილი განმარტავს, რომ მაშინ ის გემი დაბალ სიღრმეზე ჩაიძირა და შესაბამისად შიდა დინებამ გადაადგილა და წაიღო.
„გემის ჩაძირვის შემდეგ ტურისტები საკმაოდ კარგად მოდიოდნენ. რამდენიმე თვე მართლაც, რომ კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ გემი დაბალ სიღრმეზე იყო ჩაძირული და შტორმმა წაიღო“, - ამბობს „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი.
კომპანია „პოსეიდონის სამყარო“ შავ ზღვაში ჩასვლის მსურველებს კვარიათის ტერიტორიაზე ემსახურება. ხოლო რაც შეეხება ტარიფებს ის თავად ტურებზეა დამოკიდებული და ზოგადად 100 ლარიდან იწყება, ხოლო ბავშვებისთვის 50 ლარიდან.
„პოსეიდონის სამყაროს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ შავი ზღვის გარდა მოთხოვნაა მარტვილის კანონში ჩაყვინთვაზეც, თუმცა ამ დროისათვის კანონში ჩასვლა აღარ ხდება. მისივე თქმით, მარტვილის კანიონზე უფროა მოთხოვნა ვიდრე შავ ზღვაზე, რადგანაც იქ მხედველობაა კარგი და სხვა სანახაობაა.
დავით ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ წლებია ცდილობს ქვეყანაში დაივინგის მიმართულებით ინტერესი გაზარდოს, რათა განხორციელდეს ღრმა აუზების პროექტი, რომელიც მან დიდი ბიზნესებსა თუ ხელისუფლებას შესთავაზა, თუმცა ინვესტირების მსურველი არ გამოჩნდა.
„დაივინგ ტურიზმს სეზონი არ აქვს, არ გვჭირდება მაინცდამაინც მზიანი ამინდები. მთავარია ღელვა და შტორმი არ იყოს, თორემ დაივინგის განხორციელება წვიმიან ამინდშიცაა შესაძლებელი“, - ამბობს დავით ნიკოლეიშვილი.
უახლესი