დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ასაკში გაიცემა მართვის მოწმობები კატეგორიების მიხედვით

რა ასაკში გაიცემა მართვის მოწმობები კატეგორიების მიხედვით

27-02-2024 19:00:00
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად:
კატეგორია "AM"
მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;
მოპედი: ორ-ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს.
მსუბუქი კვადროციკლი: ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს.
კატეგორია  "A"
მოტოციკლი;
კატეგორია  "B"
ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1” ქვეკატეგორიას ან „A” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, არ აღემატება 8-ს. აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

კატეგორია  "C"

ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

კატეგორია  "D"

ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;

კატეგორია  "BE"

"B" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

კატეგორია  "CE"

"C"კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

კატეგორია  "DE"

"D" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

კატეგორია  "T"

სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
 
კატეგორია "S"
 
საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

"A,B,C,CE,D,DE"- კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ქვეკატეგორია  "A1"
მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);

ქვეკატეგორია "A2"

მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს;

ქვეკატეგორია  "B1"

მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;

ქვეკატეგორია  "C1"

ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
 
ქვეკატეგორია  "D1"
 
მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
 
ქვეკატეგორია  "C1E"
 
„C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
 
ქვეკატეგორია  "D1E"
 
„D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
 
რა ასაკში გაიცემა მართვის მოწმობები კატეგორიების მიხედვით: 
 
"AM" კატეგორია გაიცემა – 16 წლიდან;
"A" კატეგორია გაიცემა – 24 წლიდან;

 * 21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

"A1" ქვეკატეგორია გაიცემა - 17 წლიდან;
"A2" ქვეკატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;
"B"   კატეგორია გაიცემა -   17 წლიდან;

პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:

- მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

- შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა;

"B1" კატეგორია გაიცემა - 16 წლიდან;
"BE"  კატეგორია გაიცემა -  18 წლიდან;
"C"    კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;
"C1"  კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;
"CE"   კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;
"C1E" კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;
"D"      კატეგორია გაიცემა - 24 წლიდან;
"D1"    კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;
"DE"    კატეგორია გაიცემა - 24 წლიდან;
"D1E"  კატეგორია გაიცემა - 21 წლიდან;
"S" კატეგორია გაიცემა - 18 წლიდან;
"T" კატეგორია გაიცემა - 17 წლიდან

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები