დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის უმუშევრობის შემცირების მიზეზი და რატომ ტოვებენ შრომისუნარიანი მოქალაქეები საქართველოს - მოსაზრება

რა არის უმუშევრობის შემცირების მიზეზი და რატომ ტოვებენ შრომისუნარიანი მოქალაქეები საქართველოს - მოსაზრება

22-02-2023 13:10:47

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობამ 3%-მდე იკლო, რასაც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან სტატისტიკოსი ამბობს, ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის გადინება სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შემოსავლების ზრდას უკავშირდება. მისივე თქმით, მანამდე მოქალაქეები ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის მიზნით ტოვებდნენ.

„უმუშევრობა და შრომის ბაზარი ზოგადად ბაზრის ერთ-ერთი ჰიპოსტაზია. ამის გარდა არის საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალი ბაზრები. 4 ძირითადი სახეობა თანამედროვე საბაზრო ურთიერთობებში ჯანსაღია. გვახსოვს, რომ ერთ-ერთი სერიოზული მოწყვლადი საკითხი იყო სწორედ შრომითი ბაზარი, რადგან უმუშევრობის დონე იზრდება და ეს ზრდის მოტივაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გადინებისთვის. მოსახლეობის გასვლა ხდებოდა ფიზიკური გადარჩენის მიზნით, ვინაიდან საქართველოში მკვეთრად შემცირდა სამუშაო ადგილების რაოდენობა. დღეს ხალხი გადის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით. თანდათან მატულობს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც გადიან ქვეყნიდან არა იმიტომ, რომ ვერ დასაქმდნენ, არამედ გაცილებით უკეთეს პირობებში იმუშაონ და გაცილებით მეტი დოვლათის მობილიზება მოახდინონ“, - განმარტავს სტატისტიკოსი.

რაც შეეხება დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირს, როგორც არჩვაძე Business Insider Georgia -თან განმარტავს, დღეის მდგომარეობით, ვითარება არსებითად შეცვლილია და ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო პერიოდში ორნიშნა რიცხვით გამოიხატება, ამავე დროს დასაქმების ზრდასაც ნიშნავს.

„არსებობს მაღალი კორელაცია ანუ პლუს მინუს 3%-ზე მეტის შემთხვევაში, როდესაც  ეკონომიკა 2,5-3%-ზე მეტად იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ყოველი 1 %-ით ეკონომიკის მატება გამოწვეულია, სულ მცირე, 0,4 პუნქტით დასაქმების ზრდაზე.   ჩვენ გვაქვს საშუალება, უმუშევრობის ერთი პროცენტული პუნქტით კლების შემთხვევაში ეკონომიკა გაიზარდოს სულ ცოტა, 2,5 პუნქტით, ასეთია ზოგადი კანონზომიერება, რომელიც რეალურად არსებობს. ის, რომ ჩვენ გვაქვს 10%-ზე მაღალი ზრდა და დაახლოებით 3%-მდე არის უმუშევრობა შემცირებული, უაღრესად დადებითი ტენდენციაა“, - დასძენს არჩვაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა.

2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები