სპეციალისტები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ორ მთავარ წყაროს გამოყოფენ: ავტოტრანსპორტი და გაზის ქვაბების გამონაბოლქვი.
როგორც ეკოლოგი სიმონ ბარამიძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, ჰაერის დაბინძურების მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა და მნიშვნელოვანია თითოეულ ქალაქს ჰქონდეს არა მხოლოდ გენგეგმა, არამედ განვითარების სტრატეგიაც, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი ეკოლოგიის კუთხით სტანდარტები.
„მიჩნეულია, რომ ჰაერის დაბინძურების წყარო ავტოტრანსპორტია. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ამ მხრივ საყურადღებოა გაზის ქვაბების გამონაბოლქვი, რომელიც ასევე ემატება ქალაქს და მძიმე ვითარებას ქმნის.
გათბობის ეს სისტემა, ე. წ. კედლის საქვაბეები აიტაცა რამდენიმე დეველოპერმა. სამწუხაროა, რომ ამას არავინ აკონტროლებს და დღემდე ისე ხდება, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალები და აშენებული შენობა-ნაგებობები არ მოწმდება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.
უნდა გაკეთდეს კოლექტიური საკვამლე მილი ან ერთი დიდი ქვაბი, რის ანალოგიც არის შვედეთში, ფინეთსა და რამდენიმე ქვეყანაში. ყველა ფანჯრიდან გამოდის გამონაბოლქვი და ჰაერი ბინძურდება.
გარემოსთვის არანაკლები ზიანი მოაქვს ავტოტრანსპორტს, რაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს ზრდის.
განსაკუთრებით დედაქალაქში 3 მეტრის სიმაღლეზე იყო დაბინძურებული ჰაერი, მაგრამ დღეს ზღვარი უკვე 10 მეტრამდეა გაზრდილი. ამ დროს ქალაქს არავითარი აერაცია არ აქვს. ადრე თუ ქარი ანიავებდა თბილისს 6-7 მ/წმ სისწრაფით, ახლა 12-15 მ/წმ-ია საჭირო. ეს რომ მოხდეს, საქართველოში ქარიშხალი უნდა იყოს მუდმივად“, - აცხადებს სიმონ ბარამიძე.
ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე თბილისის ოთხ უბანში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმშია ხელმისაწვდომი. ბოლო მონაცემი 9 მაისს გამოქვეყნდა.
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა თბილისის ოთხ უბანში - წერეთლის, ყაზბეგის, აღმაშენებლის გამზირებსა და ვარკეთილში სპეციალური დანადგარებით საათობრივად არის ასახული.
კერძოდ, ასახულია ატმოსფერულ ჰაერში N20-ს(აზოტის ოქსიდის), SO2-ს (გოგირდის დიოქსიდის), PM2.5 (მტვრის უმცირესი ნაწილაკები), PM10-ის (ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი); O3-ის (ოზონი); CO- ს (ნახშირბადის მონოოქსიდი) კონცენტრაცია.
2023 წლის 9 მაისის მონაცემებით გამოკვეთა, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე 19:00 საათზე ატმოსფეროში PM10-ის კონცენტრაცია ზღვარზე (48,88) მაღალი იყო და 86,9 შეადგინა.
ყაზბეგის გამზირზე 19:00 საათზე PM10-ის კონცენტრაციამ ზღვარს გადააჭარბა და 77,4 შეადგინა. ასევე 18:00 საათზე ყაზბეგის გამზირზე ზღვარზე მაღალი იყო 03-ის დონე (22,6 ზღვარი) და 66,58 შეადგინა.
ვარკეთილში PM10-ის კონცენტრაცია 21:00 საათზე 234 იყო, აღმაშენებლის გამზირზე კი PM2.5-ის დონე 15,41შეადგენდა, როცა 24 საათში საშუალო ზღვრული დონე 3,48-ია.
უახლესი
11 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი