დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის „სალმონელა“, რა საფრთხეს უქმნის ადამიანებს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა „ნიკორაში“მომხდარ ფაქტზე

რა არის „სალმონელა“, რა საფრთხეს უქმნის ადამიანებს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა „ნიკორაში“მომხდარ ფაქტზე

25-08-2023 15:00:03

,,ნიკორას" ქსელში მომხმარებლების სალმონელით მოწამვლის ფაქტი ჯერ სურსათის უვნებლობის სააგენტომ, ხოლო შემდეგ კომპანიამ დაადასტურა და პასუხისმგებლობა მომმარაგებელ ფირმას - ,,ჯეო დისტრიბუციას" დააკისრა.

კომპანიის ინფორმაციით, „გრეკოს" ქათმის ფილეთი ,,ნიკორა" „ჯეო დისტრიბუციამ“ მოამარაგა.

აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანიის შესახებ ინფორმაცია მწირია. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ კომპანიისა და მისი მფლობელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჯეო დისტრიბუცია“ არც ასოციაციის წევრია და ბაზარზეც ნაკლებად ცნობილი კომპანიაა“, - ამბობს ივა ჭყონია.

საჯარო რეესტრის მონაცემით, „ჯეო დისტრიბუცია" 2014 წლის 13 აგვისტოს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი გიორგი ტალახაძეა. დიდი მცდელობის მიუხედავად, იმპორტიორთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

რაც შეეხება სალმონელას, რითაც ,,ნიკორას" 8 მომხმარებელი დაინფიცირდა, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მიკრობად სახელდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტების დამამზადებელი და სავაჭრო ქსელების თანამშრომლები ინფექციის ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნევიან.

როგორც სურსათის უვნებლობის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია კვარაცხელია Business Insider Georgia - თან განმარტავს, „სალმონელოზი“ ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Salmonella-ს გვარის ბაქტერია იწვევს (ცნობილია მისი 2200-ზე მეტი სეროტიპი).

„ძალიან საშიში დაავადებაა, ამიტომ კვების ობიექტები სანამ ჩაეშვება რეალიზაციაში, მანამდე არის კონტროლი საჭირო. საშიში ვირუსია, რომელიც წარმოუდგენლად მძიმე შედეგს იწვევს, ანგრევს ორგანიზმს. კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს – დაწყებული უსიმპტომო მატარებლებიდან, დამთავრებული რთული სეპტიკური ფორმით.

სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას როგორც საზღვრები, ასევე კვებითი უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მონიტორინგი სასურსათო კომპანიებზე, მით უმეტეს, ,,ნიკორაში“ ჩაიდო საპენსიო დანაზოგები, კომპანიას ენდობიან და მომხმარებლების დიდი ნაწილი ბავშვები არიან. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ სწორედ ,,ნიკორაში" მოხვდა ასეთი პროდუქტი, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ კონტროლის გაძლიერების კუთხით, რომ ნებისმიერი მომხმარებლის უსაფრთხოება იყოს დაცული",- აცხადებს ლია კვარაცხელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად სალმონელით გამოწვეული გასტროენტერიტის 93.8 მილიონი შემთხვევა და 115.000 გარდაცვალება აღირიცხება.

საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ სალმონელოზის 100-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები