დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე აქტიური  საჰაერო გადაზიდვებია, რაც კომპანიის პორტფოლიოს 75%-ს შეადგენს - Aramex-ი

ყველაზე აქტიური საჰაერო გადაზიდვებია, რაც კომპანიის პორტფოლიოს 75%-ს შეადგენს - Aramex-ი

29-10-2024 15:00:00

საერთაშორისო გადაზიდვების გლობალური ბრენდი Aramex-ი საქართველოს ბაზარზე 11 წელია ოპერირებს და სერვისებს აქტიურად აწვდის, როგორც ქართველ ექსპორტიორებს, ისე იმპორტიორებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Aramex Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ლიკა უსეინაშვილმა განაცხადა, საქართველოში იმპორტი უფრო აქტიური მიმართულებაა, ვიდრე ექსპორტი, თუმცა ბოლო პერიოდში ექსპორტიც მზარდია.

„საქართველო არ არის გლობალურად ექსპორტიორი ქვეყანა და საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად უფრო მეტი შემოაქვს, ვიდრე გააქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ექსპორტის გააქტიურება შეინიშნება, განსაკუთრებით ქართული ღვინო და საფოსტო ექსპორტი - e-commerce მიმართულება. ქართველი დიზაინერები უკვე საკმაოდ აქტიურად არიან წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე და მათი პროდუქციის ტრანსპორტირებას Aramex-ი კურირებს.

ქართული ღვინო ექსპორტზე საკმაოდ აქტიურად გადის და ამაში Aramex-ს დიდი როლი აქვს. ღვინო საქართველოდან გადის როგორც არაკომერციული, ისე კომერციული დანიშნულებით. არაკომერციულია პროდუქცია, რომელსაც სხვადასხვა კონკურსსა და გამოფენაზე წარსადგენად გზავნიან კომპანიები ან ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის განვითარების სააგენტო, სააგენტო აწარმოე საქართველოში. მათ გადაზიდვას ასევე კურირებს Aramex-ი. ასევეა კომერციული ექსპორტი, როდესაც გაჩნდება უკვე ინტერესი, ექსპორტიორები მზად არიან, რომ პროდუქცია სხვადასხვა ბაზარზე შეიტანონ. Aramex-ი უზრუნველყოფს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს“, - აღნიშნა ლიკა უსეინაშვილმა.

Aramex Georgia-ს გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოში მიმდინარე იმპორტიდან ყველაზე აქტიური მიმართულებებია ჩინეთი, იტალია და გერმანია, ხოლო რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას - გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია.

მიუხედავად იმისა, რომ Aramex-ი საქართველოში ყველა ტიპის გადაზიდვებითაა წარმოდგენილი, კომპანიის პორტფოლიოში ყველაზე აქტიური მაინც საჰაერო გადაზიდვებია, რაზეც კომპანიის მიერ მთლიანი გადაზიდვების 75%-ი  მოდის.

„საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით Aramex-ს ყველა ავიახაზთან, რაც კი საქართველოში ოპერირებს, აქვს ორმხრივი ექსკლუზიური ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები კი არის საკმაოდ ხელსაყრელი ტარიფებით და პირობებით რაც ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა“, - ამბობს ლიკა უსეინაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საჰაერო გადაზიდვების ტარიფები სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებთან შედარებით ძვირია, თუმცა Aramex-ი ქართულ ბაზარზე ცნობილია საუკეთესო ტარიფებითა და პირობებით, მაგრამ რაც მთავარია, აქტიურად ზრუნავს ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაციაზე.

„საჰაერო გადაზიდვა უფრო ძვირია, ვიდრე სახმელეთო გადაზიდვები. არ აქვს მნიშვნელობა მიმართულებას, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

ავიაკომპანიებთან კარგი კონტრაქტები გვიქმნის იმის შესაძლებლობებს, რომ გვქონდეს ავიაგადაზიდვების საუკეთესო პირობები, შესაბამისად, მომხმარებელიც უფრო მოტივირებულია ჩვენი მომსახურებით ისარგებლოს. სწორედ ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე.

რაც შეეხება გადაზიდვების ტარიფებს, კოვიდის მერე ფასების ზრდის დინამიკა ნელ-ნელა ძველ ნიშნულს უბრუნდება. საჰაერო გადაზიდვების ღირებულება ნელ-ნელა იკლებს, თუმცა რყევები მაინც ახასიათებს დღესასწაულებისა თუ სეზონურობის გათვალისწინებით. ტარიფები იცვლება საწვავის ფასის შესაბამისადაც“, - განმარტავს Aramex Georgia-ს გენერალური დირექტორი.

ლიკა უსეინაშვილის თქმით, წინასაახალწლოდ ფასები ყველა სახის გადაზიდვაზე  ცვალებადია, რადგანაც გადაზიდვების ეს მიმართულება ერთნაირად აქტიურია მთელი წლის განმავლობაში და ქართველი მეწარმე, რომელიც მარაგებს წინასაახალწლოდ ივსებს, ძირითადად სახმელეთო ან საზღვაო გადაზიდვებით სარგებლობს.

„საჰაერო გადაზიდვებისთვის სულ აქტიური პერიოდია. საჰაერო გადაზიდვა შეიძლება დავყოთ ორ მიმართულებად, როდესაც ტვირთის ტრანსპორტირება ხდება  რეგულარულად საჰაერო გადაზიდვით, ვადებიდან და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ციკლიდან გამომდინარე, ან როდესაც დამკვეთს გაუჩნდება ისეთი გარდაუვალი საჭიროება, რომ საჰაერო გადაზიდვების გარდა სხვა გზით ვერ მოასწრებს შეკვეთის გადმოზიდვას. მაგალითად, როდესაც  საუბარია მედიკამენტების იმპორტზე ან აპარატურა გამოდის წყობიდან სწორედ მაშინ ჩნდება საჰაერო გადაზიდვის საჭიროება. ერთ-ერთ რეისზე გეტყვით, მაგალითად ლუდის კომპანიისთვის ჩამოგვიტანია დანადგარი, რომლის მოწოდებაც სწრაფად უნდა მომხდარიყო, რადგანაც კომპანია საწარმოო ხაზის გაჩერებით დიდ ზარალს განიცდიდა. გერმანიიდან კონკრეტულ რეისზე უნდა მიგვესწრო და მიგვეწოდებინა დანადგარი, რომელიც ლუდის საწარმოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. გერმანიაში ბევრი მაგისტრალია, სადაც ზოგან სიჩქარის მაღალი ლიმიტებია და გვჭირდებოდა ისეთი ავტომობილი, რომელიც ჩვენი გამოანგარიშებით კონკრეტულ რეისს მიუსწრებდა. ამიტომ, დავიქირავეთ „პორშეს“ ჯიპი, რომელსაც შეეძლო კონკრეტული სიჩქარის განვითარება. მან მიასწრო რეისს და დეტალი ჩამოვიდა საქართველოში. ამ შემთხვევაში მის ჩამოსატანად 24 საათიც არ დაგვჭირდა.
მართალია, ასეთი სერვისი უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ბიზნესს ეს უღირდა. რადგანაც დღეში ათი ათასობით ლარის ზარალი ჰქონდა“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა.

Aramex International LLC ქართულ ბაზაზე წლებია ოპერირებს და კომპანიამ უკვე მომხმარებლების ნდობა დაიმსახურა. დღეს Aramex-ის სერვისებით სარგებლობას ბევრი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.

„კომპანია საქართველოს ბაზარზე მეთერთმეტე წელია ოპერირებს და ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. Aramex-ს გლობალურად ბაზარზე ძალიან ბევრი პროდუქტ აქვს და ფარავს ლოგისტიკის ყველა მიმართულებას, ეს არის საფოსტო თუ საერთაშორისო გზავნილები, ექსპორტი/იმპორტი, საბაჟო /სასაწყობე მომსახურება, საერთაშორისო დაზღვევა, ადგილობრივი გადაზიდვები. ვახორციელებთ ნებისმიერი სახის გადაზიდვებს, ეს იქნება საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო და ვემსახურებით ნებისმიერი კატეგორიის ტვირთებს, მათ შორის სახიფათო და დიპლომატურ ტვირთებს, მედიკამენტებს და სხვა. ასევე გაქვს საბაჟო-საბროკერო სერვისი, ლოგისტიკა, მარაგების მართვა. სპეციალურად სხვადასხვა ბრენდისთვის Aramex-ი აშენებს სხვადასხვა საწყობს და მართავს მათ გადაზიდვებს მთელს მსოფლიოში.

კომპანია Inditex-ი, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა Zara-ს, Massimo Dutti და Bershka მათ გადაზიდვებს გლობალურად Aramex-ი ახორციელებს. ამ ბრენდების მარაგების მართვას სხვადასხვა ქვეყნიდან კურირებს Aramex-ი, კომპანია ამავდროულად გეგმავს როდის გადაზიდოს ქარხნიდან კოლექციები კონკრეტულ ქვეყნებში.

ავიაკარგო ჩვენი კომპანიის უპირატესობაა, რადგან ყველანაირი ტვირთის გადაზიდვა შეგვიძლია ყველანაირი საბაჟო პროცედურით და ეს საკმაოდ იშვიათობაა ჩვენს რეალობაში. Aramex-ს აქვს ასევე „ექსპრეს ფოსტის“ სერვისი. ჩვენი მთავარი მიზანია სხვადასხვა ტიპის შეფერხებებისა და პრობლემის დროულად მოგვარება, რათა ჩვენს კლიენტს პრობლემა არ შეექმნას და სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც. გვაქვს დეპარტამენტი, რომელიც მიმდინარე და აქტიურ როგორც საფოსტო, ასევე სატვირთო გადაზიდვებს კურირებს. პირობითად დავადასტურეთ 100 კგ ტვირთი, რომელიც ჩამოგვაქვს იტალიიდან, კლიენტმა საერთოდ, რომ არ იკითხოს თუ სად არის მისი ტვირთი მას მისდის სხვადასხვა შინაარსის სტატუსი და დეტალურ ინფორმაციას იღებს საკუთარ ტვირთზე მეილის საშუალებით“, - აცხადებს Aramex Georgia-ს გენერალური დირექტორი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები