ყველაზე ახლო და ლოგიკური ინვესტორები, ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის არიან აღმოსავლეთისა და არაბეთის ქვეყნები - ზურაბ პოლოლიკაშვილი
27-09-2024 18:56:00
ყველაზე ახლო და ლოგიკური ინვესტორი ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის არიან აღმოსავლეთის, არაბეთის ქვეყნები, - ამის შესახებ მედიასთან გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
„დღეს გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, ჩვენ ქვეყანას ეწვია საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი, ბაჰრეინის მინისტრი. ასევე აზიური ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, მზარდი ბაზრები,რომლებმაც იციან ჩვენი ქვეყანა უკვე და არსებობს პირდაპირი ფრენები და კომპანიები, რომლებიც აქ უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ. ჩვენთვის უფრო ადვილია მათი დარწმუნება და პოტენციურადაც უფრო ადვილია, რომ საქართველოში მოხვდეს ინვესტიციები. როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ჩვენი ძირითადი პოტენციური ინვესტორები არიან და ევროპული ქვეყნები, რომლებიც ათეული წელია ახორციელებენ ინვესტიციებს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, ინვესტირება არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც საჭიროებს შესწავლას.
„სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის აღწერილი რატომ არის საინტერესო და მიმზიდველი საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის“,- აღნიშნა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.