საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და პროცესის დასრულებისთანავე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე სააგენტოს დასკვნა, პრეზიდენტს უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს", - ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
18 სექტემბერს სებ-ის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
უახლესი