დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფესიულ განათლებაში გენდერული დისბალანსია - მაგდა მაღრაძე

პროფესიულ განათლებაში გენდერული დისბალანსია - მაგდა მაღრაძე

26-04-2023 09:00:46

პროფესიული განათლების ბაზარზე ერთ-ერთი გამოწვევა გენდერული ბალანსია. ამ ტიპის სასწავლებლებში ქალი სტუდენტების რაოდენობა დღესდღეობით 15%-ის დონეზეა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე Business Insider Georgia - თან აღნიშნავს, რომ ქალის დაბალი ჩართულობის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, თუმცა მდგომარეობა აშკარად უმჯობესდება და ბოლო პერიოდში პროფესიული განათლებით მეტი ქალი ინტერესდება.

„პროფესიულ განათლებაში გენდერული ბალანსის პრობლემა დღემდე არის.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს" პროგრამები მაქსიმალურად ეხმარება სექტორს, რომ ეს ჩამორჩენა დაიძლიოს, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროფესიულ განათლებაში ქალი/მამაკაცების ჩართულობის მხრივ, ქალი სტუდენტების მონაცემი 15%-ია, რაც ჯერჯერობით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ტენდენცია ზრდადია.

ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესება გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანობაში მდედრობითი სქესის დაბალ ჩართულობას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ანაზღაურების საკითხი. ცნობილი ფაქტია, რომ კურსდამთავრებულ ქალებს ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე კაცებს და ბევრი სხვა პრობლემაც არის სისტემური. გენდერის თემა არ არის მარტო საქართველოში გამოწვევა. დაახლოებით იგივე სტატისტიკაა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“, - ამბობს მაგდა მაღრაძე.

გენდერული პრობლემის დაძლევის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად მაგდა მაღრაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიიჩნევს, რომელიც ხელს უწყობს ქალებს მძღოლების პოზიციაზე დასაქმებაში.

„შრომის ბაზარზე ქალების დასაქმების ბევრი კარგი მაგალითია, მათ შორის, თბილისის სატრანსპორტო კომპანია სულ ცდილობს, რომ ავტობუსის მძღოლი ქალები აიყვანოს. ზოგადად, ყველა დონორისთვის პრიორიტეტია სოციალური და გენდერული თანასწორობა, მსგავსი პროგრამები დღესაც აქტიურად გრძელდება“, - აცხადებს მაგდა მაღრაძე.

ცნობისთვის, სხვადასხვა პრიორიტეტული დარგის მიმართულებით ყოველწლიურად პროფესიულ სასწავლებლებს 1 200-1 500 ახალგაზრდა ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზრის მოთხოვნა გაცილებით დიდია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები