გერმანიაში საქართველოდან დასაქმებული მძღოლების ნაწილის მოთხოვნები შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. იმ მძღოლებს, რომლებიც სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, ხელფასები ჩაერიცხათ.
საქმე ეხება პოლონური კომპანიების გაერთიანებას - Lukmaz, Agmaz და Imperija, სადაც ქართველები სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებთან ერთად ტრაილერის მძღოლებად მუშაობდნენ. თუმცა მძღოლების ნაწილმა პოლონურ დამსაქმებელთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა. ასეთი დაახლოებით 20-მდე ადამიანია, რომლების დასაქმების ალტერნატიულ საშუალებას ეძებენ, ნაწილი საქართველოში დაბრუნდა.
გაერთიანებული პროფკავშირები ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც გაფიცული ქართველ მძღოლებს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარება. პოლონური მხარის გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის 1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს გახდა ცნობილი.
როგორც ,,გაერთიანებული პროფკავშირების" თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა სოლიდარობის აქციაზე განაცხადა, დაიცავენ ყველა მძღოლის ინტერესს და არ მისცემენ საშუალებას უცხოელ დამსაქმებლებს, რომ ქართველი მოქალაქეების შრომითი უფლებები დაარღვიონ.
„პოლონური მხარე, მზადაა, ქართველ დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასი გადაუხადოს. მიუხედავად პოლონური კომპანიის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულებისა, გერმანიისა და ჰოლანდიის მოქალაქეები საოცრად სოლიდარული იყვნენ ჩვენი მძღოლების მიმართ და მაქსიმალურად უჭერდნენ მხარს, რაც ყველამ დავინახეთ. სამწუხაროდ, ნაწილმა ვერ გაუძლო და დაბრუნდა საქართველოში, ნაწილიც სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და ყველა მძღოლის უფლებას დავიცავთ, რომ კუთვნილი შრომის ანაზღაურება მიიღონ და ქართველები არ დაიჩაგრონ", - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მძღოლი ზვიად ლომიძე ერთ-ერთია, რომელმაც უარი თქვა პოლონურ კომპანიაში დასაქმებაზე და სამშობლოში დაბრუნდა.
როგორც ის Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე უკვე გაურიგდა გერმანული კომპანიის წარმომადგენლობას და სამუშაოდ უახლოეს დღეებში გაემგზავრება.
„მძღოლებზე მზარდი მოთხოვნაა ევროპის მასშტაბით, ვისაც შრომა არ ეზარება, უმუშევარი არავინ დარჩება. ცუდია, რომ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა და კუთვნილი ხელფასი ვერ ავიღეთ. 50 მძღოლიდან ასეთი 20-მდეა. ვინც სამუშაო პროცესს დაუბრუნდა, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. 1 თვის ხელფასი ჩამირიცხეს, მაგრამ დარჩენილი დავალიანება 3500 ევრომდეა, რასაც მხოლოდ სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში ავიღებ.
ცხადია, დავალიანება დარჩება, რადგან დაბრუნებას არ ვაპირებ. ძალიან დიდი შრომა გასწია ,,პროფკავშირებმა", რომ ამ საქმეს შედეგი მოჰყოლოდა, ჩვენი უფლებები ბოლომდე დაიცვეს", - ამბობს ზვიად ლომიძე.
როგორც ცნობილია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე, სატვირთო ავტომობილის მძღოლებს მხარს უჭერენ გერმანიისა და ჰოლანდიის პროფკავშირები, ასევე, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის გუნდი (RTDD).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, მოადგილესთან, რაისა ლიპარტელიანთან ერთად, გერმანიაში იმყოფებოდა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა