დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად საქართველოში, ტანსაცმლის გაქირავების სერვისს მამაკაცის ხაზი დაემატება - Datenight Sakartvelo

პირველად საქართველოში, ტანსაცმლის გაქირავების სერვისს მამაკაცის ხაზი დაემატება - Datenight Sakartvelo

18-03-2024 14:02:00

საქართველოს ბაზარზე პირველად, მომხმარებლებს კაცის პიჯაკების, ჰალსტუხებისა და ბაფთების გაქირავების სერვისს შევთავაზებთ, ამასთანავე, ჩვენი ბრენდის სახელის გათვალისწინებით, ხელს ვუწყობთ იდეას, რომ ჩვენს ქვეყანას იცნობდნენ როგორც საქართველოს, არა როგორც „ჯორჯიას“ ან „გრუზიას“- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Datenight Sakartvelo-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარიამ შერეშაშვილმა განუცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს, Datenight Sakartvelo ორიგინალი და იშვიათი კაბების გაქირავების სერვისია, რომელიც მარტივ ხელმისაწვდომობას ქმნის ისეთი მაღალი დონისა და ღირებულების სამოსზე, რაც შესაძლოა, ყიდვის შემთხვევაში მომხმარებლის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აჭარბებდეს.

„ჩვენ მომსახურებას ვუწევთ სამი გზით: პირველი, ონლაინ ვარჩევთ თემატურ კაბას მომხმარებლის სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით; მეორე, შოურუმში, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 77 ნომრის D’apartment სივრცეში. აქ ვახვედრებთ კომფორტულ და თბილ გარემოს, რომ მომხმარებელს შეეძლოს თავისუფლად ჩაიცვას და მოისინჯოს კაბის ნებისმიერი მოდელი; მესამე, სურვილის შემთხვევაში ჩვენ ვაწოდებთ შერჩეულ კაბას პირდაპირ სახლის კართან, იმ გადაუდებელი შემთხვევისთვის დროს, როცა მომხმარებელი გამოუვალ ვითარებაში და არ აქვს ადგილზე მოსვლის დრო.

ამასთანავე, ჩვენი სერვისის დამკვეთებს სრულიად უსასყიდლოდ ვატანთ ჩანთისა თუ ხელთათმანების ატრიბუტს, რაც მათი ლუქის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ არ ვაკეთებთ ბიზნესს მხოლოდ ფულისთვის, ჩვენ გვსურს საქმით თვითგამოხატვა და ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ბალანსში იქნება შემოსავალთან. განსაკუთრებულია ალბათ ის ფაქტიც, რომ საფასე კატეგორიის განსაზღვრისთვის ჩვენ მომხმარებელს ვეკითხებით, თუ რა თანხის გადახდისთვის არიან მზად და მხოლოდ ამის შემდეგ ვაწესებთ კონკრეტულ ფასს“, - ამბობს მარიამ შერეშაშვილი.

ამასთან Datenight Sakartvelo-ს ჰყავს მოქმედი პარტნიორი კომპანიები, რომელთა თანამშრომლებიც არიან PRIVILEGE CARD-ის წევრები. ეს კი გულისხმობს 10%-20%-მდე ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე.

„საწყისს ეტაპზე ჩვენ ვეცადეთ, რომ ჯგუფების მეშვეობით ადგილობრივ ბაზარზე ერთხელ გამოყენებული კაბები შეგვესყიდა და გაგვექირავებინა, თუმცა ჩვენს მოლოდინებთან იმდენად დიდ სხვაობაში აღმოჩნდა კაბების ხარისხი, რომ საბოლოოდ ორიგინალი ვერსიები გამოვიწერეთ უცხოეთიდან. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული კაბები რეპლიკები ე.წ. „პატენტი“ ვერსიები არ არის. შესაბამისად, სხეულზე მომხმარებელს იმაზე კარგად ერგება ვიდრე ჩვენს გვერდზე ფოტოშია ნაჩვენები“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც Datenight Sakartvelo-ს წარმომადგენელი ამბობს, მათი მთავარი პრიორიტეტია კოლექციის გამრავალფეროვნება.

„ვმუშაობთ გეგმებზე, რომელიც ჩვენი მცირე თანამონაწილეობით მაქსიმალურ შედეგზე გავალთ. გვსურს განვავითაროთ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქალისა და კაცის პლატფორმა. განვიხილავთ პროექტს „For your Datenight in …”, რისი მეშვეობითაც გვინდოდა მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა ბრენდს და დაეტოვებინა ქილაში მოთავსებული თანხა მპოვნელისთვის. იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება შესაძლებლობა ეს პროექტი განვავითაროთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ამ დროისთვის ბიზნესში 3 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები