ჰორეკა სექტორში ჩრდილოელი მეზობლების მოზღვავებული რაოდენობა ფიქსირდება. სეგმენტი შეიცვალა და ამინდს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიაში სწორედ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები ქმნიან, რაზეც Business Insider Georgia-თან რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი, ცნობილი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე საუბრობს.
მისი შეფასებით, 2022 წელთან შედარებით მომხმარებლების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა სეგმენტში დიდი გადაადგილებაა და ევროპელი ვიზიტორები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
მერიკო გუბელაძე ვარაუდობს, რომ სეზონის ბოლომდე ეს მოცემულობა შენარჩუნდება.
,,არაფერია შეცვლილი, როგორც ვმუშაობდით, ვაგრძელებთ, დატვირთვა კვლავ მაღალია. თუმცა შეიცვალა სეგმენტი - ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა ჩრდილოელი მეზობლები არიან. ასე მასშტაბურად რუსები საქართველოში არ ჩამოდიოდნენ, მაგრამ წლევანდელ სეზონზე ვიზიტორების უმრავლესობას შეადგენენ. ცხადია, ევროპელი ტურისტების მასპინძლობა გვირჩევნია, მაგრამ ამის შესაძლებლობა მათი სიმცირის გამო არ გვაქვს. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, მომხმარებლების სიმცირე წინა წელთან შედარებით არ შემცირებულა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი კლება დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია“, - ამბობს მერიკო გუბელაძე.
მისი თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სეგმენტთან დაკავშირებული სიტუაცია შეიცვალოს. თუმცა შეიძლება გარკვეული საფრთხე გაჩნდეს ახალი პანდემიის გავრცელების გამო, თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვარაუდი გამართლდება.
რაც შეეხება კადრებთან დაკავშირებულ საკითხს, მერიკო გუბელაძის თქმით, სფეროში დასაქმების მსურველთა სიმცირე შეიმჩნევა, რაც მოსახლეობის უცხოეთში გადინებამ და მიგრაციამ გამოიწვია.
ცნობილი რესტორანი „შავი ლომი“ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. „შავი ლომის" გარდა, მერიკო გუბელაძე ასევე განსხვავებული კონცეფციის კიდევ სამ რესტორანს ფლობს: „ნინიას ბაღი“, კაფე „ლეილა“ და ,,ლისი ლაუნჯი".
ოთხივე რესტორანში 140-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი