პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე გახდება შესაძლებელი.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შევიდა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ნაწილი 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან შევა ძალაში, ნაწილი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.
ცვლილებების თანახმად, დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.
რაც შეეხება ბიზნესს, იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებენ, გარდამავალი პერიოდი წესდება. იმპორტიორებმა 2025 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აგრეთვე, 2025 წლის 1-ელ მარტამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის ნებართვა/ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს უნდა მიმართონ.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა - 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა