დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაპილომავირუსზე უფასოდ აცრას 10-დან 45 წლის ჩათვლით ქალები და 10-დან 26 წლის ჩათვლით კაცები შეძლებენ

პაპილომავირუსზე უფასოდ აცრას 10-დან 45 წლის ჩათვლით ქალები და 10-დან 26 წლის ჩათვლით კაცები შეძლებენ

21-09-2023 12:32:50

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს. 

ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.

15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და მამაკაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის მამაკაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ: http://bitly.ws/Pq56

ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები