ოზურგეთი ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ცნობილი ქართველი კალათბურთელი სოციალურ ქსელში წერს. ზაზა ფაჩულიას განმარტებით, ოზურგეთში გახსნილი მოედანი რიგით მეხუთეა, რომელიც მის სახელს ატარებს.
„მიმდინარე წელს უკვე მეორე და მთლიანობაში, რიგით მეხუთე საკალათბურთო მოედანი, რომელიც ჩემს სახელს ატარებს, ოზურგეთში გაიხსნა. ეს პროექტი, რომელიც ჩვენი ინიციატივით და Gulf Georgia-ს მხარდაჭერით შეიქმნა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა.
კალათბურთის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ამაში ჩვენი ერთობლივი ინიციატივით წვლილი შეგვაქვს. ამასთანავე, მინდა მოზარდები მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ იმ სივრცეს და გარემოს, რომელიც მათი უკეთესი მომავლისთვის იქმნება.
ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ხელმისაწვდომობაა და იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტი მოზარდი დაკავდება კალათბურთით და ზოგადად სპორტით, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს კულტურის დონეზე ჩამოაყალიბებს.
მადლობას ვუხდი აშშ-ის ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელიც უამინდობის მიუხედავად, ოზურგეთში, გახსნის ღონისძიებაზე, პირველივე წუთებიდანვე ჩვენს გვერდით იყო. მადლობას ვუხდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას თბილი და განსაკუთრებული დახვედრისთვის“, წერს სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულია.
უახლესი