დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

19-04-2024 14:49:00

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში" ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით,  73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. 

კანონპროექტის თანახმად,  ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, ხორციელდება ფიზიკური პირების ხელშეწყობა და სტიმულირება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე, განაახლონ საქმიანობა.  

ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების,  2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

კანონპროექტით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი ასევე თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით,  2030 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

პაატა კვიჟინაძის განმარტებით,  კანონპროექტის  მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები