ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მნიშვნელოვანია რეაგირება. ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც მთელი ეს გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, - ასე ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით მის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხარო და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა საბოლოო ჯამში იწვევს წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში.
„ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობიდან და ბოლო რეკომენდაციიდან გამომდინარე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი საკითხი. ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მნიშვნელოვანია რეაგირება. ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც მთელი ეს გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო და სპეკულაციები არ ყოფილიყო და სხვა განმარტებები არ მოჰყოლოდა. როდესაც განცხადება არის, რომ მოხდა კონტექსტის არასწორი გაგება, ჩანს, რომ ელჩი არ იყო სათანადოდ კომპეტენტური.
სამწუხარო და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა საბოლოო ჯამში იწვევს წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ ამასაც დანიის სამეფოს საელჩო შესაბამის კონტექსტში გაიგებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოში დანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება“. „საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს“, - წერია საელჩოს განცხადებაში.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა