სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს კითხვები დაუწუნა და ერთგვარი ეკონომიკური ლექცია წაუკითხა. როგორც ნათია თურნავამ თქვა, უკვირს რომან გოცირიძისგან ეს კითხვები.
„სებ-ის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, მისი 78-ე მუხლით, გარანტირებულია ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“. ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის სრულიად დამოუკიდებელი, საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი. იმიტომ, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის და ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ისევე როგორც მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ამ შედეგს მივაღწიეთ. არსებობს თუ არა ჩვენი შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების, განმტკიცების სივრცე? დიახ, ყოველთვის შეიძლება ჩვენ ვიმუშაოთ სებ-ის მეტად ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, მისი დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე, მათ შორის მმართველობითი სტრუქტურების და ბორდის საზედამხედველო პოლიტიკის გაძლიერებაზე. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენ მათ შორის სსფ-სთან და სწორედ ეს არის ასახული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 9 პუნქტში, ჩვენი ინსტიტუციის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება, ჩვენი მანდატის გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასე, რომ ამ მიმართულებით რაიმე გადაულახავ გამოწვევას ვერ ვხედავთ.
მინდა გითხრათ მკაფიოდ და იმავეს გაიმეორებს ჩვენი ფინანსური სექტორიც, რომ საქართველო არასოდეს არ იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და აქ არც ერთი დადასტურებული ფაქტი სანქციების დარღვევის არ დაფიქსირებულა, არ მომხდარა და ჩვენც ამ მიმართულებით ვაკონტროლებთ ჩვენს საფინანსო სისტემას.
არის თუ არა სანქციების წესის აღსრულების დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ კანონმდებლობასთან რაიმე დამატებითი რისკის შემცვლელი. არამც და არამც და პირიქით. რაც უფრო თანხვედრაში იქნება ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში, მით უფრო ნაკლებია შემდგომ სასამართლოში მოდავების რისკები და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ბევრი რისკის ადრესირება მოხდა ამ თვალსაზრისით.
შეკითხვები იყო ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ რეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას, არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია.
შემდეგი კითხვაა, ვაკანტური თანამდებობები რატომ შევავსეთ, გეტყვით, რომ სებ-ის მმართველობითი რგოლი და საბჭო არის სრულიად ლეგიტიმური, თითოეული აღმასრულებელი წევრი დანიშნულია ჩვენი კანონმდებლობის სრული დაცვით და უზრუნველყოფს სებ-ის ქმედ უნარიანობას. და ეს კი უზრუნველყოფს მათ შორის ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.
წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილებების რევიზია, ბანკების გულის მოგება - მინდა ვთქვა, რომ არანაირი რევიზია არ ხორციელდება. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, თანმიმდევრულად ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ფასების დონის სტაბილურობისკენ, ფინანსური სისტემის გამჭვირვალობისკენ და მდგრადობისკენ და საშუალო ვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ. არავის გულის მოგება ჩვენ არ გვჭირდება. შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს კონკრეტული ეკონომიკური ციკლის ამა თუ იმ ეტაპის ადეკვატური. არსებობს გამკაცრების პერიოდი, არსებობს შემსუბუქების პერიოდი. იმ ვითარებაში, როდესაც ინფლაცია რამდენიმე თვეა მიზნობრივი ინფლაციასთან შედარებით გაცილებით დაბალია, ეკონომიკური ვითარება არის მდგრადი, მაჩვენებლები ჯანსაღი. ჩვენი საფინანსო სისტემა ასევე მდგრადი, თავისი ადეკვატური ბუფერებით და ადეკვატური აქტივების ხარისხით, ეს არის შესაძლებლობა როდესაც ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკი განიხილავს და იწყებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა არის ჩვენი მანდატის შესაბამისი და არსებული ეკონომიკური ვითარების შესაბამისი. ზოგადად ცნობილია, რომ დღესაც ხდება გამკაცრება, რა თქმა უნდა ამის მიმღებლობა ეკონომიკაში ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან არის უფრო ნაკლები, იმიტომ რომ გამკაცრება უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება. შემსუბუქება და მისი პოლიტიკა უხარია ცალკეული ბაზრის და საფინანსო სექტორის სუბიექტებს. მაგრამ ეს არანაირად ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის. ჩვენი ამოცანა არის მხოლოდ და მხოლოდ არსებული ვითარების ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა გავატაროთ. მე მომიტევეთ, რომ ეს პატარა ეკონომიკური ლექციის ჩატარება მომიხდა, მიკვირს ეს კითხვა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა“, - თქვა თურნავამ გოცირიძის კითხვების პასუხად.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა