მწვანე ზრდის ფონდმა (GGF) სს იშბანკი საქართველოსთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 7 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაზე, რომელიც გამოყენებული იქნება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებში.
GGF-ისა და იშბანკი საქართველოს პარტნიორობა მიზნად ისახავს მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერას, ენერგოეფექტურობის პროექტების გააქტიურებას საქართველოში, ადგილობრივი ეკონომიკის დეკარბონიზაციასა და უფრო მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლას.
ახალი ინვესტიცია ხელს შეუწყობს იშბანკი საქართველოს, გააუმჯობესოს მწვანე დაფინანსება ქვეყანაში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და რესურსების ეფექტურობის ღონისძიებებისთვის. დაფინანსება შესაძლებელს გახდის ბანკისათვის, სესხები მისცეს კორპორატიულ კლიენტებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას არა მხოლოდ ენერგო დანადგარების პროექტებში, არამედ, მაგალითად, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ზოგიერთ ისეთ პროექტში, როგორიცაა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
როგორც იშბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ჰ.ემრე ილმაზმა განაცხადა: „საქართველოს ეკონომიკის გაფართოების პროცესში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტები გადამწყვეტია ქვეყნის მწვანე მომავლისათვის. აღნიშნული დაფინანსება ხელს შეუწყობს ბანკს სესხების დივერსიფიკაციაში და მხარს დაუჭერს მწვანე პროექტებს საქართველოში“.
იშბანკი საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჰაქან ქურალ მიიჩნევს, რომ: „სს იშბანკი საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ერთგულება მდგრადი მომავლის მიმართ. GGF-ის აღნიშნული 5-წლიანი სესხით ბანკი უზრუნველყოფს რეალური სექტორისათვის საჭირო მდგრად დაფინანსებას, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მწვანე და განახლებადი ენერგიის პროექტებზე გადასვლის დაჩქარებაში“.
„GGF მოხარულია გააფართოოს პარტნიორობა იშბანკი საქართველოსთან. 2021 წლის პირველი შეთანხმების შემდეგ, 6,1 მილიონი ევროს ინვესტიციით, იშბანკი საქართველომ მნიშვნელოვანი მიღწევები წარმოაჩინა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ახალი ინვესტიცია თანაბრად წარმატებული იქნება. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკას და დაეხმაროს ბიზნესს ენერგოეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ოქსანა ბინზარუმ, Finance in Motion-ის რეგიონალურმა დირექტორმა.
GGF-ის შესახებ
მწვანე ზრდის ფონდი (GGF) ინვესტირებას ახორციელებს ღონისძიებებში, რათა შეამციროს ენერგიის მოხმარება, CO2-ს ემისიები და გააუმჯობესოს რესურსების ეფექტურობა 19 ბაზარზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. იგი აფინანსებს განახლებადი ენერგიის პროექტებს, კორპორაციებს, მუნიციპალიტეტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მხარდაჭერილია ტექნიკური დახმარების ცენტრის მიერ.
2009 წლის დეკემბერში გერმანიის KfW განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინიცირებით, ევროკომისიისა და სხვა ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით, GGF მოიცავს კერძო ინვესტორების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორი სააგენტოების ინვესტორთა მრავალფეროვან ბაზას. საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებენ Finance in Motion GmbH და MACS Energy & Water GmbH. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.ggf.lu.
სს იშბანკი საქართველოს შესახებ
სს იშბანკი საქართველო 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში და არის თურქეთში უმსხვილესი კერძო ბანკის - სს თურქეთის იშბანკის შვილობილი კომპანია. სს თურქეთის იშბანკის მთლიანმა აქტივებმა 2023 წლის დეკემბრისათვის შეადგინა 83 ბილიონი აშშ დოლარი. სს თურქეთის იშბანკი წარმოდგენილია 1061 შიდა და 22 უცხოური ფილიალით 5 ქვეყანაში, ასევე 3 შვილობილი ბანკით და 2 წარმომადგენლობით კიდევ 5 ქვეყანაში. სს იშბანკი საქართველო აწვდის მრავალფეროვან საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს საქართველოში კორპორატიულ კლიენტებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.isbank.ge
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა