დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მცირე მარნების სეგმენტში პროფესიული ცოდნის დეფიციტია - MyWineLab

მცირე მარნების სეგმენტში პროფესიული ცოდნის დეფიციტია - MyWineLab

02-11-2023 15:15:00

მცირე მარნების სეგმენტში ერთ-ერთი გამოწვევა, პროფესიული ცოდნის დეფიციტია. როგორც ღვინის ლაბორატორია MyWineLab-ის დირექტორი მეღვინეობის სფეროს სპეციალისტი ნიკა რუაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, მცირე მარნების ნაწილი დღესდღეობით ისე ფუძნდება, რომ მათ წარმომადგენლებს მეღვინეობის დარგში ელემენტარული გამოცდილება არ აქვთ.

შესაბამისად, MyWineLab-ი შეიქმნა იმისთვის, რომ მცირე მარნების წარმომადგენლებს გაუწიოს რეკომენდაცია, დაეხმაროს ხარისხის გაუმჯობესებაში, რათა ტექნოლოგიურად დახვეწონ წარმოება.

,,წელიწადნახევარია, რაც ჩვენი ლაბორატორია ფუნქციონირებს. ძირითადი აქცენტი მცირე მარნებსა და ქარხნებზეა. ვეხმარებით მათ, რომ  სანამ დასჭირდებათ სერტიფიკატი, კონსულტაციები გავუწიოთ და ვასწავლოთ ღვინის დაყენების ტექნოლოგია, რაც ჯერჯერობით გამოწვევაა. ვახდენთ ღვინის ხარისხის ანალიზს, თუმცა ჯერჯერობით სერტიფიკატს არ გავცემთ. დღესდღეობით იმ რაოდენობის მეღვინე არ გვყავს ქვეყანაში, რამდენი მარანიცაა. ამიტომ საწყის ეტაპზე მარნების ხელმძღვანელები ხშირად უშვებენ შეცდომას, ცოდნა გამოცდილებას მოაქვს, რაშიც სწორედ სპეციალისტების დახმარება სჭირდება.

ჩვენი საქმიანობის მიზანიც ეს არის - გამოვასწოროთ შეცდომები და ხარისხის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. ყველაზე ხშირად მაინც შეცდომა არის მენეჯმენტი, პროფესიული ცოდნის დეფიციტი, როცა ელემენტარულად არ იციან რა პროცესები მიმდინარეობს ღვინის წარმოებისას, რა ეტაპს გადის პროდუქტი ტექნოლოგიურად, როგორ მოუარონ და შეინახონ ღვინო“, - ამბობს ნიკა რუაძე.

მისი ინფორმაციით, დღესდღეობით ყოველი ათი მცირე მარნიდან 6-7 სტანდარტს მეტნაკლებად აკმაყოფილებს, რაც სახარბიელო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ არც საგანგაშოა. 

„ყოველთვე ვაჯამებთ შედეგს და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. მუდმივად იზრდება მცირე მარნების რაოდენობა და ადამიანები ცდილობენ მიიღონ ინფორმაცია როგორც ხარისხის კუთხით, ასევე მენეჯმენტის მიმართულებითაც, რომ სწორად მოძებნონ ნიშა და გაიმყარონ პოზიციები ბაზრებზე.

ყოველი 10 მცირე მარნიდან 6-7 სტანდარტთან მეტნაკლებად შესაბამისია. იდეალური შედეგი არ არის, მაგრამ არც საგანგაშოა. აქ გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური ხაზის განვითარება და არა ის, რომ უშვებენ შეცდომებს, რაც შეიძლება ღვინის ხარისხის კუთხით იყოს საზიანო“, - ამბობს ნიკა რუაძე.

რაც შეეხება მომსახურების ფასს, MyWineLab-ის დირექტორის თქმით, ინდივიდუალურია - მარნის მასშტაბიდან და მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, ღვინის ლაბორატორია MyWineLab-ი 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ამ ეტაპზე 4 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები