აღნიშნული მტკიცებულებითაც დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ისინი თვალთმაქცურად, მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ „ელთ ბილდინგის“ დიდი ოდენობით თანხას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ელთ ბილდინგის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ვიტალი ხალვაშმა გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ კომპანია Ramses Georgian Yachting Platform-ს, კიდევ ერთი მამხილებელი დოკუმენტის მოპოვების კომენტირებისას განაცხადა.
ვიტალი ხალვაშის განმარტებით, იტალიურმა იახტმშენებელმა კომპანია Azimut Benetti Group-მა „ელთ ბილდინგს“ დაუდასტურა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პერიოდში Ramses Georgian Yachting Platform-ი Azimut Benetti Group-ს არ წარმოადგენდა.
„ჩვენ მიმდინარე წლის ოქტომბერში წერილობით მივმართეთ იტალიაში იახტების მწარმოებელ კომპანია Azimut Benetti Group-ს, სადაც დავაფიქსირეთ, რომ ჩვენსა და Ramses Georgian Yachting Platform-ს შორის 2022 წლის 10 სექტემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აღნიშნულმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, რომ 2023 წლის აგვისტოს თვემდე მოგვაწოდებდა Azimut-ის წარმოების მცურავ საშუალებას ე.წ. იახტას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიდრე ხელშეკრულება დაიდებოდა Ramses Georgian Yachting Platform-ის წარმომადგენლები და დირექტორები გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თავს ასაღებდნენ, როგორც იტალიაში არსებული იახტის მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti-ის წარმომადგენლებად. ხელშეკრულებაც სწორედ ამ მოტივით გაფორმდა, სადაც ხელშეკრულებაშიც დააფიქსირეს, რომ ისინი იყვნენ Azimut Benetti-ს დილერები და ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიმდინარე წლის ოქტომბერში მივმართეთ Azimut Benetti Group-ს, სადაც მათ ნათლად დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პირები არც გიორგი ჩიკვაიძე და არც ირაკლი პაპიაშვილი და არც კომპანია Ramses Georgian Yachting Platform-ი არ წარმოადგენდნენ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ანუ 2022 წელს Azimut Benetti Group-ს და არც მის დილერებს საქართველოში. მათ დააფიქსირეს, რომ მოკლე პერიოდში 2018-2019 წლებში იყვნენ სუბ-დილერები და შესაბამისად, მას შემდგომ არც ავტორიზაცია ჰქონდათ აღნიშნული ორგანიზაციიდან და არც რაიმე სახის თანხმობა, რომ მათი სახელით ან წარმომადგენლობით ემოქმედათ საქართველოში.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება, აღნიშნული მტკიცებულებითაც დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ისინი თვალთმაქცურად, მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ კომპანიის დიდი ოდენობის თანხას და ხელშეკრულების დადების მომენტიდანვე მათ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩაედინათ ეს ქმედება და მიეთვისებინათ კომპანიის ფულადი სახსრები“, - განმარტა „ელთ ბილდინგის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა.
ვიტალი ხალვაში ფიქრობს, რომ Azimut Benetti Group-ისგან მოპოვებული კიდევ ერთი მტკიცებულება გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ ბრალის დამძიმების საფუძველი არ გახდება, თუმცა იქნება სასამართლოში „ელთ ბილდინგის“ მყარი მტკიცებულება იქნება.
„აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენით კვალიფიკაცია არ შეიცვლება. ჩვენ რა თქმა უნდა მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, ასევე ვაცნობეთ საქართველოს პროკურატურას და გავუგზავნეთ აღნიშნული დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, მათ მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგობას და იმ განზრახვას, თუ რა მიზნითაც დადეს ზოგადად ჩვენთან ხელშეკრულება. როგორც ასეთი, სამართლებრივად მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, იმდენად რამდენადაც პროკურატურას სწორედ აღნიშნული ქმედების გამო აქვს წარდგენილი ბრალი. უბრალოდ სხვა მრავალ, როგორც წერილობით ასევე ფოტო-აუდიო მტკიცებულებებთან ერთად, კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება წარდგენილი სასამართლოში, რომლის ფარგლებშიაც ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს მათ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს“, - აღნიშნავს „ელთ ბილდინგის“ იურიდიული სამსახურის უფროსი.
იურისტი აცხადებს, რომ იტალიური კომპანიისგან მიღებული წერილის საფუძველზე ირკვევა რომ თავად Azimut Benetti Group-იც აპირებს გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივო დავის დაწყებას.
„როგორც წერილობით პასუხში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, ისინი აპირებენ საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო და ასევე საავტორო უფლებების დარღვევის გამო საქმის წარმოებას საქართველოში Georgian Yachting Platform-ის მიმართ.
ვინაიდან Georgian Yachting Platform-ი არის საქართველოში რეგისტრირებული ჩვენი ინფორმაციით დავა გაგრძელდება დ დავის წარმოება განხორციელდება საქართველოში, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად“, - აცხადებს ვიტალი ხალვაში.
„ელთ ბილდინგის“ იურიდიული სამსახურის უფროსის ვიტალი ხალვაშის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
„31 ოქტომბერს გაიმართება მეორე არსებითი სხდომა, ასევე 1 ნოემბერს გაიმართება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. აღნიშნულ სასამართლო სხდომებზე ხორციელდება უშუალოდ მტკიცებულებების გამოკვლევა, როგორც წერილობითი მტკიცებულებები ასევე შესაძლებელია დაიწყოს მოწმეთა ჩვენებების გამოკითხვა, რაც პროკურატურის არჩევანია.ამ ეტაპზე ხორციელდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდებების გამოკვლევა“, - ამბობს „ელთ ბილდინგის“ იურიდიული სამსახურის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ მხარეებს შორის არსებულ დავაზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აქედან გამომდინარე, სატელევიზიო ეთერით გიორგი ჩიკვაიძის განცხადება თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა და შემდგომ ხელახლა დაიწყო, არის სიცრუე.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან. მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა „ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500 - 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა. შპს „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს „ელთ ბილდინგისთვის“. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ქ. ბათუმში და გაფორმდებოდა „ელთ ბილდინგის“ სახელზე, „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“ იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს „ელთ ბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა.
2022 წლის 10 სექტემბერს შპს „ელთ ბილდინგსა“ და „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ და იახტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
ასევე მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ იახტის სხვა მოდელზე, ამასთან, გადაიწია მიწოდების ვადამაც, კერძოდ განისაზღვრა 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი და მიწოდების ადგილად შეირჩა ესპანეთი, ალიკანტე. ამის შემდგომ, ასევე გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა შეთანხმება მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე აღნიშნული ვადის გადაწევა ხდებოდა.
2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, შპს „ელთ ბილდინგმა“ შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური 1 155 019 ლარი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.
გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის კუთვნილი კომპანიის მიერ იახტის შეძენა არ მომხდარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თანხას დაუბრუნებდნენ „ელთ ბილდინგს“ და 2023 წლის 21 დეკემბერს, ირაკლი პაპიაშვილმა „ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე მხოლოდ 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო - თითოეულს 50 000 ლარის ოდენობით და საზღვრის კვეთის აკრძალვა. საქმის არსებითი განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადვოკატის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ზეგავლენით ვაჭრობის შესაძლო ფაქტზე და გიორგი ჩიკვაიძე შესაბამისი ჩვენების მისაცემად დაბარებული იქნება საგამოძიებო უწყებაში“, - აღნიშნული იყო საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ 13 სექტემბერს გაავრცელა.
უახლესი
1 საათის წინ
ავოკადოს იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი