დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია“, - თამუნა გეგუჩაძე, საქართველოს ბანკის ეჯაილ ქოუჩი

„მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია“, - თამუნა გეგუჩაძე, საქართველოს ბანკის ეჯაილ ქოუჩი

10-10-2024 12:15:00

საქართველოს ბანკმა ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს დაიწყო, რაც ტრადიციული მართვის სტილიდან უფრო მოქნილ (Agile) მიდგომაზე გადაწყობას გულისხმობს. ეჯაილ გარემოში უმჯობესდება პროცესების ეფექტურობა, მომხმარებლამდე მიტანილი პროდუქტის სისწრაფე და უწყვეტობა; მარტივდება ცვლილებებთან ადაპტაცია, უფრო მჭიდროა თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

ამ ინტერვიუში კი თამუნა გეგუჩაძე გიამბობთ, რა როლს ასრულებს ეჯაილ ქოუჩი საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

პირველ რიგში გვიამბეთ, რას საქმიანობს ეჯაილ ქოუჩი საქართველოს ბანკში - როგორია მისი როლი მასშტაბურად და გუნდის ჭრილში?

ეჯაილ ქოუჩი ზრუნავს, რომ წარმატებით იყოს გააზრებული და დანერგილი ეჯაილ ღირებულებები და პრინციპები და მუდმივად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს ეჯაილ კულტურა. პროცესის საბოლოო მიზანი კი მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება და მომხმარებლებისთვის მეტი ღირებულების შექმნაა. გუნდებთან მუშაობისას, ეჯაილ ქოუჩი ფოკუსირებულია სამუშაო დინამიკის მუდმივ გაუმჯობესებაზე, პროცესების ეფექტიანობაზე, დანაკარგების აღმოჩენასა და აღმოფხვრაზე.

საქართველოს ბანკში ეჯაილ ქოუჩი ე.წ.  „პროცესის მფლობელია“ (Process owner), რაც გულისხმობს იმას, რომ მას წამყვანი როლი აქვს იმ პროცესების წარმართვაში, ზედამხედველობასა და ოპტიმიზაციაში, რომელსაც პროდუქტი იდეის გაჩენიდან განხორციელებამდე გადის. პროცესის წარმართვა გუნდებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ისეთ თანამშრომლობას გულისხმობს, რომ მათი გაწეული ძალისხმევა იყოს ეფექტური, გამჭვირვალე და მუდმივად, ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს როგორც პროდუქტის, ასევე ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს. 

რა არის მთავარი იდეა და ღირებულება, რომელიც თითოეული პროექტისა და  განხორციელებული ინიციატივის უკან დგას?

მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის კმაყოფილი მომხმარებელია. ნებისმიერი იდეა მისი საჭიროებებისა და სურვილების გარშემო ტრიალებს, ეჯაილ მიდგომის დახმარებით კი მომხმარებლამდე სიახლე სწრაფად მიდის. შესაბამისად, უკუკავშირიც სწრაფადვე მიიღება და ცვალებად გარემოსთან დროული ადაპტაცია მარტივად შესაძლებელი ხდება.

ასეთ გარემოში მეტად შემოქმედებითი ხარ, ექსპერიმენტებშიც - უფრო თამამი, უწყვეტ რეჟიმში სწავლობ და აუმჯობესებ შიდა სივრცესაც და პროდუქტსაც, რომელსაც მომხმარებლისთვის ქმნი.

რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?

ყველაზე დიდი მოტივაცია, ალბათ, იმის შეგრძნებაა, რომ რაღაცას ცვლი უკეთესობისკენ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. საოცარი ემოციაა, როცა ეხმარები გუნდს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში, არწმუნებ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, აძლიერებ და აძლევ მოტივაციას, განვითარდნენ.

ვფიქრობ, რაღაც დოზით, ყველა სუპერ-გმირები ვართ და მინდა, რომ ყველამ განიცადოს ამ შეგრძნების სიამაყე და ბედნიერება. ჩვენი შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ აისახება იმ პროდუქტზე, რომელსაც ვქმნით და შემდეგ უკვე იმ ღირებულებაზე, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურობას უმარტივებს.

გაგვიზიარეთ მნიშვნელოვანი know-how, რომელიც საქართველოს ბანკში მუშაობის პროცესში ისწავლეთ? ან მიგაჩნიათ, რომ ყველა ეჯაილ ქოუჩმა უნდა იცოდეს?

ვფიქრობ, ეჯაილ ქოუჩისთვის დიდი ღირებულების მომტანი Lean management-ის მიდგომების ცოდნაა, რაც, შეიძლება, გარკვეულწილად, საქართველოს ბანკის know-how-დ ჩავთვალოთ. ეს გვეხმარება, კარგად გავიაზროთ დანაკარგების სისტემა, რომელიც ყველა ტიპის პროცესში გვხდება, ვიზრუნოთ მათ შემცირებაზე და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

თქვენი აზრით, რა არის ეჯაილ ქოუჩის მთავარი გამოწვევა და როგორ ახდენთ მასთან გამკლავებას?

ერთი ყველაზე უნივერსალური რამ, ალბათ, ცვლილებების მიმართ რეზისტენტულობაა. ეჯაილ აზროვნების (mindset) ჩამოყალიბება ცვლილებების სიყვარულით იწყება, რაც თავისთავად გამოწვევაა, რადგან ცვლილებების მიუღებლობა ადამიანის ბუნების ნაწილია. არ გვინდა ხოლმე გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და გვირჩევნია ნაცნობი, თუნდაც ნაკლებ ეფექტიანი გზებით გავაგრძელოთ საქმიანობა, რადგან ბუნდოვანი მომავლის გვეშინია. ეს ჩვენი პირველადი ინსტინქტია - როგორც კი გარემო არაპროგნოზირებადი ხდება, სასწრაფოდ ვცდილობთ, იგი პირვანდელ, უსაფრთხო მდგომარეობაში დავაბრუნოთ.

ამ გამოწვევასთან გამკლავება, ჩემი გამოცდილებით, სწორი კომუნიკაციით იწყება. რაც უფრო ადრე მოხდება ცვლილების მიზნის და აუცილებლობის გაცნობა, შესაძლებლობების და სარგებლის დანახება, გუნდის პროცესში ჩართვა და მათი მხარდაჭერა, მიმღებლობის შანსი საგრძნობლად მოიმატებს. შემდეგ ეს უკვე პროცესია, რომელსაც სხვადასხვა მიდგომა სჭირდება სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ პირველ ეტაპს ყველაზე დიდი წონა აქვს.

როდის შემოუერთდით საქართველოს ბანკს? რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი.  როგორი იყო ონბორდინგის პროცესი?

საქართველოს ბანკს სულ რამდენიმე თვის წინ შემოვუერთდი. ჩემი სამუშაო გამოცდილება გრძელი და ჭრელია. ცნობისმოყვარეობამ და მუდმივად ახლის აღმოჩენის სურვილმა უამრავი სფერო მომატარა და განსხვავებული უნარ-ჩვევები განმივითარა. ბოლო 4 წელი გაეროში გავატარე მრჩევლის როლში ადამიანური რესურსების მიმართულებით. HR აღმოჩნდა ის ადგილი სადაც ჩემი ძლიერი მხარეები, ღირებულებები და საქმიანობა თანხვედრაში იყო,  თანამშრომლების გამოცდილებაზე ზრუნვა კი ჩემს მისწრაფებად იქცა. პარალელურად, ტექ-სფეროთი ჩემი გატაცება, უფრო ხელშესახები გახდა და ამ მიმართულებითაც გადავწყვიტე განვითარება.

ამ გზაზე გავეცანი ეჯაილისა (Agile) და სქრამის (Scrum) კონცეფციასაც, რომელიც  კარგად იტევდა ადამიანების და ტექნოლოგიების სიყვარულს ერთად, ბევრი დრო არ დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ ამ მიმართულებით მინდოდა საქმიანობის გაგრძელება. ვაცნობიერებდი, რომ მიუხედავად მონათესავე გამოცდილებისა, გარკვეული ცოდნა მჭირდებოდა და ბევრი სხვადასხვა ინტერნეტ რესურსი გამოვიყენე საფუძველის შესაქმნელად.

ამ თავგადასავალში გამოჩნდა ეჯაილ ქოუჩის ვაკანსიაც საქართველოს ბანკში და გადავწყვიტე, მეცადა. ზუსტად ვიცოდი, რამხელა გამოცდილება იყო თავმოყრილი ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს ბანკში და ბევრი პროფესიონალი, რომელსაც მე YouTube-ზე ვუსმენდი, სწორედ საქართველოს ბანკთან ასოცირდებოდა. ამ გუნდში მოხვედრის სურვილი იმდენად დიდი იყო, განსაკუთრებული მუხტით მოვემზადე გასაუბრებებისთვის. პირველივე შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო და ასე გრძელდება დღემდეც. ყოველდღე ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და დღეს აქ იქმნება საინტერესო სამყარო,  რომლის ნაწილიც მინდა, რომ ვიყო.

რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკში ისწავლეთ?

უფრო მკაფიოდ გავიაზრე, რომ შეცდომები პროფესიული ზრდის განუყოფელი ნაწილია. ამით არც ერთი შენი მიღწევა არ იკარგება, პირიქით, მსგავსი გამოცდილებები გაძლიერებს და ზრდის შენს თვითრწმენას.

ამ პროცესში ფუნდამენტურ როლს თამაშობს ორგანიზაცია, რომელიც გენდობა, შენთვის საჭირო გზით სიარულის თავისუფლებას გაძლევს, ახალისებს და აფასებს შენს განვითარებას. ვფიქრობ, შეუძლებელია, კონკურენტუნარიანი იყო დღევანდელ სამყაროში მუდმივად თუ არ იზრდები და სწავლობ. სწავლის და ახლის აღმოჩენის პროცესი კი თავისთავად ძალიან ძლიერი მოტივატორია, გვიღვივებს ახლის შექმნის სურვილს და გვაბედნიერებს. აქ სწორედ ასეთი გუნდია - გუნდი, რომელიც არ ჩერდება და ახლის ძიების პროცესშია.

ამასთან, მოსვლის დღიდან ვგრძნობ, რომ ჩემი და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების აზრი მნიშვნელოვანია და განსხვავებულობა დაფასებული. ეს მაღალი ორგანიზაციული კულტურის უტყუარი ნიშანია და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას  უწყობს ხელს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები